საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„ევროპული კარიერისკენ გზა გაიხსნა“ - რუსული მედია საზონოვის გოლზე

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში „დინამო არენაზე“ პორტუგალიის ნაკრები მიიღო და დამაჯერებლად 2:0 გაიმარჯვა.

ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა. გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალისტის კარი პირველად 37 წუთზე გიორგი გაგუამ აიღო. ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საზონოვის გოლს რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და 21 წლის მცველის შესახებ არაერთმა სააგენტომ დაწერა. მათ შორის ერთ-ერთი გამოცემა, SportsDaily.ru წერს, რომ პორტუგალიის ნაკრების კარში გატანილი გოლი საბას ევროპული კარიერისკენ გაუხსნის გზას.

რა წერია სტატიაში:

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში, რომელიც საქართველოში და რუმინეთში ტარდება, დიდი სენსაცია მოხდა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია 2:0 დაამარცხა, ერთ-ერთი გოლი კი „დინამოს“ მცველმა, საბა საზონოვმა გაიტანა, რომლის მიმართაც ინტერესს „ჰამბურგი“ იჩენს.

„ზენიტის“ აკადემიის აღზრდილისთვის ეს მნიშვნელოვანი ტურნირის შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენი ინფორმაციით, საზონოვი იმედოვნებს, რომ ამ ტურნირზე წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში მალე ევროპული კლუბის მოთამაშე გახდება. პორტუგალიასთან ასეთი მატჩი კი ამ მიზნის მიღწევაში ხელს შეუწყობს.

საბამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ქართველებმა შეხვედრის სტარტზე პორტუგალიელთა შეტევებს კარგად გაუძლეს, შემდეგ კი თამაში კონტრშეტევებზე დაიწყეს. საზონოვი ხშირად ცდილობდა შეტევების გრძელი პასებით დაწყებას, თუმცა ძალიან ხშირად ჩანდა, რომ საკუთარი თავის გამოჩენის სურვილი ფეხბურთელების რეალურ ოსტატობას აღემატებოდა. ეს „დინამოშიც“ ხშირად ვლინდება, რის გამოც რაიმე სიახლე ვერ ვიხილეთ.

ამის მიუხედავად, საზონოვი თავდაჯერებულად იგებდა მეორე სართულზე ორთაბრძოლებს და საბა ხვადაგიანს იდეალურად აზღვევდა, რომელსაც „მარსელის“ მცველის, ნუნო ტავარეშის წინააღმდეგ უწევდა თამაში.

საბამ საკვანძო როლი ითამაშა მეტოქის საჯარიმოშიც. „დინამოს“ მცველმა კუთხურიდან თავით გაიტანა და გუნდს ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მხოლოდ პორტუგალიელებს შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ დატოვეს თავისუფლად მეორე სართულზე ყველაზე სახიფათო მოთამაშე, რომელსაც რუსეთის პრემიერ ლიგაშიც აქვს გატანილი თავით გოლები. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საზონოვმა შეტევაში თავისი ერთადერთი შესაძლებლობა გამოიყენა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2023-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, საზონოვი კი ევროპულ კლუბში გადასვლის მიზნის შესრულებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ასეთი მატჩის შემდეგ, სკაუტების ყურადღება აუცილებლად იქნება საქართველოს ნაკრებისკენ მიმართული. ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩებში არ ჩაიძიროს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ბელგიას და ნიდერლანდებს 1 ქულა აქვთ, რომლებიც მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებენ, პორტუგალია კი 0 ქულით მე-4 პოზიციაზეა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მომდევნო შეხვედრა 24 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები
„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები