ჯგუფში მტკიცე ლიდერობა - შოტლანდიამ ნორვეგიაში მოიგო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში შოტლანდია ნორვეგიას ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მთელი მატჩის განმავლობაში ნორვეგია აქტიურობდა, შოტლანდიამ კი თამაში მეორე ნომრად აირჩია. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ერლინგ ჰოლანდმა საკუთარი გუნდი დააწინაურა.
სცენარი არ იცვლებოდა. სტუმრები კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ნორვეგია 3 ქულას აიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 2-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და უაღრესად საჭირო 3 ქულა მოიპოვეს. გოლები დაიკესმა და მაკლინმა გაიტანეს.
ცნობისთვის, ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს, რომელიც სტუმრად კვიპროსს უპირისპირდება. რაც შეეხება შოტლანდიას, კლარკის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შოტლანდია საქართველოს უმასპინძლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს