კვარა თუ ოსიმენი? | Calciomercato-მ ნაპოლის საუკეთესო შემტევი დაასახელა
Calciomercato-მ „ნაპოლის“ 2022/23 წლების სეზონი შეაჯამა და „პარტენოპეის“ შემტევების შეფასება შემოგვთავაზა. ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ ნეაპოლელთა საუკეთესო შემტევად ვიქტორ ოსიმენი დაასახელა და ნიგერიელს 10 ქულა დაუწერა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 9 ქულა მიიღო.
„ორი აზრი არაა, რომ გასულ სეზონში, ნაპოლის საუკეთესო შემტევი ვიქტორ ოსიმენი გახლდათ და მან უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო. სერია A-ში გატანილი 26 და ყველა ტურნირზე გატანილი 31 გოლის წყალობით, ეს აბსოლუტურად დამსახურებული შეფასებაა. სპალეტის წყალობით, ოსიმენი კარის წინ ძალიან ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ვიქტორი ტექნიკურია, მეტოქის საჯარიმოში მომაკვდინებელი გახლავთ და მეორე სართულზე გადამწყვეტი უნარები აქვს. მოწინააღმდეგე გუნდების მცველებისთვის მისი აყვანა შეუძლებელი იყო და მის წინააღმდეგ სერია A-ს ალბათ საუკეთესო ცენტრალურ მცველს, კრის სმოლინგსაც ძალიან გაუჭირდა.
ოსიმენზე ერთით ნაკლები შეფასება აქვს ხვიჩა კვარაცხელიას - 9. ფეხბურთელმა, ვის მოსვლასაც სკეპტიციზმი ახლდა და ვისაც ლორენცო ინსინიეს დონის მოთამაშე უნდა ჩაენაცვლებინა, თავისი უნარების წარმოჩენა პირველივე დღეს დაიწყო. ფანტასტიკური სეზონი და ქართველი გარემარბის მიერ გაგიჟებული მეტოქე გუნდის მცველები. აუცილებელია ატალანტასთან გატანილი გოლიც ვახსენოთ. სხვა მახასიათებლებთან ერთად, ხვიჩა მეტოქეების ჩამოშორების ბრწყინვალე უნარითა და სწრაფი ფეხების წყალობით, რიცხობრივი უპირატესობის შექმნის შესაძლებლობით გამოირჩევა“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარტენოპეი“ 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სწორედ ხვიჩას ლიდერობით გახდა იტალიის ჩემპიონი, კვარა კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს