ვილი სანიოლი, გიორგი გველესიანი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ბევრის აზრით გამოძახებას უფრო ადრეც იმსახურებდა“ - სანიოლი გველესიანზე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის გიორგი გველესიანის საკითხიც იყო, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მიიწვიეს, სანაკრებო სიაში კახა ცხადაძის მწვრთნელობის შემდეგ პირველად მოხვდა.

ვილი სანიოლი გველესიანზე: "მის გამოსაძახებლად განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია. მას 12 თვე ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, შეუძლია ნაკრებს დაეხმაროს. ბევრის აზრით ნაკრებში გამოძახებას უფრო ადრეც იმსახურებდა, თუმცა მისი ბოლო პერიოდის თამაშიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ახლა მოხდა. ნაკრების სამწვრთნლო შტაბი მას არ იცნობს, მალე გავიცნობთ. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ექნება“.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრები მიმდინარე თვეში ორ მატჩს გამართავს, 17 ივნისსს სტუმრად კვიპროსს შეხვდება, 20 ივნისს კი ასევე გასვლით შეხვედრაში - შოტლანდიას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტის მიწურულს გიორგი გველესიანმა Instagram-ში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ირანული „პერსეპოლისის“ ქართველი ცენტრალური მცველი ნაკრებში გამოუძახებლობით უკმაყოფილებას არ მალავდა.

„გუშინ სპარსეთის ლიგის 22/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ ნომინირებულები, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ პრიზი მე დავიმსახურე. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს.

ფეხბურთში მოტივაცია და თავდაჯერებულობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მითუმეტეს, როცა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში არასდროს მითამაშია, უფრო მეტიც, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში 1 წუთიც კი არ მითამაშია. შეიძლება იყო დრო, როცა იქ ყოფნას არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყო დრო, როცა ეს დავიმსახურე და ეს ფაქტი ჩემს მოტივაციას ყოველთვის ანადგურებდა, თითქოს არც ვარსებობ, თითქოს ეროვნების გარეშე ვარ. მათ თვალები ფართოდ ჰქონდათ დახუჭული და ყურები დახშული. განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის, პერსეპოლისის წევრი ვარ!

წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემს საქმეზე. როგორც ყველა, ნაკრებში თამაშზე მეც ვოცნებობ. ეროვნულ გუნდში თამაში ბევრ გზას ხსნის და მწვანე შუქს აჩენს. ეს კარიერაში უზარმაზარი შესაძლებლობაა. ამ სარგებლის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება. შესაძლოა ისინი ელოდნენ, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგაში ვითამაშებდი, ვინ იცის, ალბათ შემეძლო...

თუ, დამეხმარებოდნენ, მაგრამ ეს არასდროს უცდიათ. არც ვწუწუნებ და არც მოწყალებას ვითხოვ, არც მოწვევას ვითხოვ. მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას და ვაგრძელებ ჩემს ყოველდღიურობას. ღმერთის ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანიდან და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას, მოტივაციას მაძლევდნენ, რომ ჩემი თავდაჯერებულობა აღმედგინა. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შრომა დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები