მორატა, არნაუტოვიჩი, ოპენდა - მილანი თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს
მიმდინარე სეზონში აშკარად გამოჩნდა, რომ „მილანის“ სატრანსფერო პოლიტიკამ არ გაამართლა. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „როსონერიმ“ არ იაქტიურა და წელს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მალდინიმ და მასარამ ტრანსფერები დაგეგმეს. Gazzetta სამი ფეხბურთელის სახელს ასახელებს. საუბარი მორატაზე, ოპენდაზე და არნაუტოვიჩზეა.
სამეულიდან „მილანს“ ყველაზე მეტად მორატა ხიბლავს. მის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. „როსონერის“ ესპანელის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. მალდინი ფიქრობს, რომ ალვარო ჟირუს იდეალური შემცვლელი ან პარტნიორი იქნება. ესპანელ თავდამსხმელს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
ოპენდას შემთხვევაში, სხვა სიტუაციაა. ის სიმაღლეში 1 მეტრი და 77 სანტიმეტრი გახლავთ. სწრაფი თავდამსხმელი „მილანს“ დიდი ხანია აღარ ჰყოლია. ლოისმა მიმდინარე სეზონში „ლანსის“ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა და მისმა კარგმა ასპარეზობამ „მილანი“ დააინტერესა.
არნაუტოვიჩი თავისი გამოცდილებით მალდინის და მასარას მოწონებას იწვევს. ასევე, მარკოს სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა. 2021 წლიდან ის „ბოლონიას“ ღირსებას იცავს და სერია ა-ში თამაშის გამოცდილება მიიღო.
ნებისმიერ შემთხვევაში, „მილანის“ პრიორიტეტი თავდასხმის გაძლიერება იქნება და მორატა პირველი კანდიდატია.