„სამი დღე სასტუმროს ნომერში ჰყავდა ჩაკეტილი“ - ოსიმენის ტრანსფერის უცნობი დეტალები
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის ყოფილი მარჯვენა ხელი და მოადგილე ჯანდომინიკო კოსტი იტალიურ გამოცემა Tuttosport-ს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის გარემოებებზე ისაუბრა და ნიგერიელი ფორვარდის გაფორმების ისტორია გაიხსენა.
რა თქვა კოსტიმ:
ოსიმენის გაფორმება ჯუნტოლის ყველაზე დიდი შედევრია. სანამ „ნაპოლიში“ გადმოვიდოდა, ჯუნტოლის ის სამი დღით სასტუმროში ჰყავდა გამოკეტილი. მან კარგად იცოდა, რომ ვიქტორით „ლივერპული“ იყო დაინტერესებული და იურგენ კლოპსაც პირველი ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. კრისტიანო სამი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა ოსიმენს სასტუმროში, სანამ საბოლოოდ არ დაარწმუნა, რომ „ნაპოლიში“ გადასულიყო.
ჯუნტოლი ყოველთვის გამოირჩევა უზადო ენერგიით და სანამ თავისას არ მიაღწევს, დღის განმავლობაში 100-ჯერაც დაგირეკავს. ის ოსიმენს ძალიან კარგად იცნობდა და იცოდა რაც სურდა. კრისტიანო ვიქტორს ყველგან დაჰყვებოდა, შარლერუაშიც კი გაჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წლის ზაფხულში გაიფორმა. ნიგერიელმა ფორვარდმა „პარტენოპეის“ მაისურით ყველა ტურნირზე 98 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 56 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.