კიმ მინ-ჯე, ჯორჯო სკალვინი
Aa
Aa

ნაპოლი კიმის შემცვლელად იტალიის ნაკრების მცველს განიხილავს

იტალიური გაზეთის, Repubblica-ს ინფორმაციით, „მან. იუნაიტედი“ მზადაა კიმ მინ-ჯეს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცენტრალურ მცველს ახალი თავგადასავალი სურს. ასევე, მისი ხელფასი ამჟამინდელთან შედარებით გაცილებით შთამბეჭდავი იქნება, სამხრეთკორეელი „ოლდ ტრაფორდზე“ წლიური ხელფასის სახით 6 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.

ამასობაში, „ნაპოლი“ კიმ მინ-ჯეს შემცვლელზე ფიქრობს, „პარტენოპეი“ 19 წლის იმედისმომცემ ჯორჯო სკალვინის აკვირდება და მის შესაძლებლობებს სწავლობს. სკალვინი „ატალანტას“ ფეხბურთელია და იტალიის ეროვნულ ნაკრებში უკვე 4 მატჩი ჩაატარა.

194 სანტიმეტრის სიმაღლის ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში სკალვინიმ სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა (25 სასტარტოში), 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. Transfermarkt-ის მონაცემებით, სკალვინის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ამ ეტაპზე ყველაზე რეალური და აშკარა კიმის „ნაპოლიდან“ წასვლაა, „პარტენოპეის“ სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს, მოთამაშეების შენარჩუნება და გუნდის გაძლიერება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები