სლოვანმა მძიმე ბრძოლაში მოიგო | ჩაკვე საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის საჩემპიონო ჯგუფში, ქართველი ფეხბურთელების „სლოვანმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა და მე-3 პოზიციაზე მყოფი „ტრნავა“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა და მისი ავტორი ალექსანდარ ჩავრიჩია.
გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. კაშიამ და კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარეს, ჩაკვეტაძე კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს. „ჩაკვეს“ კარგი თამაში ჰქონდა და საგოლე გადაცემასთან ძალიან ახლოს იყო.
„სლოვანმა“ პენალტის დარტყმის უფლება იური მედვედევის წაქცევის გამო მიიღო და შეტევაში, რომელსაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, წვლილი ჩაკვეტაძესაც მიუძღვის. ზემოთ ხსენებულ მომენტს რაც შეეხება, მე-80 წუთზე, გიორგიმ ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა და მედვედევი ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა და ცუდად დაარტყა. რამდენიმე წამის შემდეგ, „ჩაკვე“ „ტრნავას“ კარს თავად დაემუქრა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
ცნობისთვის, ვლადიმირ ვაისის გუნდს 63 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. „სლოვანი“ უშუალო მდევარს, „დუნაისკა სტრედას“ 2 ქულით უსწრებს, თუმცა მასზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული. ქართველების გუნდს მომდევნო მატჩი სწორედ უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ ელის და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას 7 მაისს ვიხილავთ.