კემპესი: „მესი ბარსელონაში არ უნდა დაბრუნდეს“
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მარიო კემპესმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. კემპესი „ლა პულგას“ „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თანამემამულეს ურჩია, „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩეს.
„არ მგონია, რომ მესისთვის ბარსელონაში დაბრუნება ჯანსაღი გადაწყვეტილება იყოს. მისთვის უმჯობესია, საფრანგეთში დარჩეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატს მშვიდად დაელოდება. დღესდღეობით, ბარსელონას სხვა მიზნები აქვს და ლეოს წასვლის შემდეგ შექმნილი ვითარების გამოსწორებას ცდილობს.
ბლაუგრანას ინსტიტუციური პრობლემები აქვს. მესის ფიზიკური კონდიციებისა და სულიერი სიმშვიდისთვის კარგი იქნება, პარიზში დარჩეს. უფრო დიდი შანსია, მუნდიალს სათანადო კონდიციებში საფრანგეთში შეხვდეს, ვიდრე ბარსელონაში“,
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერება ლეო მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ. გავლენიანი ესპანური სააგენტოების ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე მუშაობენ წინასწარი კონტრაქტის პირობებზე. საინტერესოა, რომ კემპესის პოზიცია გუტიმაც გაიზიარა და ლეოს ურჩია, „პარკ დე პრენსი“ არ დატოვოს.