რონალდუ მისი ტაქტიკით უკმაყოფილოა | ალ-ნასრი მთავარ მწვრთნელს უშვებს
„ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია უმუშევრად დარჩენასთან ძალიან ახლოსაა. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტს ფეხბურთელებთან და განსაკუთრებით, კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობა გაუფუჭდა და უახლოეს საათებში, მისი გაშვება ოფიციალურად დადასტურდება.
„ალ-ნასრიმ“ ბოლო შეხვედრა „ალ-ფეიას“ წინააღმდეგ გამართა და ერთ ქულას დასჯერდა - 0:0. გარსია საკუთარი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო დარჩა და მატჩის შემდეგ, გასახდელში ყოფნისას, ისინი მწვავედ გააკრიტიკა და Marca-ს თუ დავუჯერებთ, გალანძღა კიდეც.
ესპანური გამოცემის მიხედვით, რონალდუ გარსიას მუშაობით უკმაყოფილოა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს არ მოსწონს ტაქტიკა, რომელსაც რუდი იყენებს და თვლის, რომ მთავარ მწვრთნელს „ალ-ნასრის“ ფეხბურთელებისგან ბევრად მეტის მიღება შეუძლია. Marca-ს ცნობით, კლუბი უკვე ეძებს სპეციალისტს, რომელიც 59 წლის ფრანგს ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ გარსია „ალ ნასრის“ თავკაცის პოსტზე ზაფხულში დაინიშნა და ადგილობრივი ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ, მის გუნდს 53 ქულა აქვს. „ალ-ნასრი“ გათამაშების ლიდერს, „ალ-იტიჰადს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა მე-4 პოზიციაზე მყოფი „ალ-ჰილალის“ წინააღმდეგ ელის.