სეზონის აღმოჩენები - Foot Mercato-მ მიქაუტაძეზე დაწერა
ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Foot Mercato-მ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონს სტატია მიუძღვნა. Foot Mercato-მ სეზონის აღმოჩენები დაასახელა და ერთ-ერთი მათგანი „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძეა.
„მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში მეცის X ფაქტორია. ქართველი ფეხბურთელის პროგრესს ადასტურებს 28 შეხვედრაში გატანილი 14 გოლი, რომელთა წყალობითაც, ის ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გიორგი უკეთეს ფორმაში იმყოფება. ის აგრძელებს თამაშს, რომელიც ბელგიაში იჯარით გატარებული სეზონებისას გვაჩვენა.
მიქაუტაძის ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემაა (საუკეთესო მაჩვენებელი ლიგა 2-ში), რაც ამტკიცებს, რომ მხოლოდ გოლების გატანა არ შეუძლია. მასთან ერთად, მეცს აქვს შანსი, სეზონის ბოლოს, დიდ წარმატებას მიაღწიოს, რომელიც მიქაუტაძეს ლიგა 1-ის აღმოჩენის საშუალებას მისცემს“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეორეადგილოსან „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 1-ელ აპრილს, „ლავალის“ წინააღმდეგ ელის.