ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ახლა ეროვნული ნაკრების დროა“ - ხვიჩა ტორინოსთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:4 დაამარცხა.

ტურინელთა წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ 35-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა, შემდეგ კი ტანგუი ნდომბელეს გაატანინა.

„ნაპოლის“ შთამბეჭდავი გამარჯვებას ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისი მიზანი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევაა.

„დიდი გამარჯვება! ახლა ეროვნული ნაკრების დროა. Forza Napoli Sempre“, - წერს ხვიჩა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. კონკრეტულად სერია A-ში მის ანგარიშზე 22 მატჩი, 11 გოლი და 10 საგოლე პასია.

27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტში ორ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 28 მარტს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს. ორივე მატჩი ბათუმი არენაზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ