ლაპორტა სკანდალზე: „ეს დაგეგმილი კამპანიაა, მისი მიზანი ბარსას დესტაბილიზაციაა“
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ „ბლაუგრანას“ გარშემო ატეხილ სკანდალზე კომენტარი გააკეთა. კატალონიელებს მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებენ და ლაპორტამ მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „დაგეგმილი კამპანია“ უწოდა.
„ჩვენ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შემთხვევითი არაა და მისი მიზანი მოკლევადიან პერსპექტივაში ბარსელონას დესტაბილიზაცია, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში კლუბის გაკონტროლებაა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ავხსნი, ვინ, რატომ და როგორ მოისურვა, ამ კამპანიის ორგანიზატორობა.
ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თავს დავიცავთ და შეტევაზეც გადავალთ, თუმცა ახლა ჩვენი ფეხბურთელების მხარდაჭერაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რადგან კამპანიის ორგანიზატორების პირველი მიზანი გუნდის დესტაბილიზაციაა. ჩვენი მოთამაშეებისა და მწვრთნელების მხარდაჭერა უნდა განვაგრძოთ, რათა მათ გამარჯვებები მოიპოვონ. მოდით, გვერდში დავუდგეთ ბარსელონას, რადგან ესაა კლუბი, რომელიც გვიყვარს“.
შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის მიხედვით, 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.