„ლაურენტისი ამბობს, რომ არ იყიდებიან, რაც აუქციონის დაწყებას ნიშნავს“
„ნაპოლის“ ყოფილმა მეკარემ, რაფაელე დი ფუსკომ გადაცემა Ci Vediamo Lunedì-ში სტუმრობისას „პარტენოპეის“ შესახებ ისაუბრა.
„როცა დე ლაურენტისი ამბობს, რომ კვარაცხელია და ოსიმენი არ იყიდებიან, ეს ნიშნავს, რომ აუქციონი გაიხსნა. ასევე, თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ფეხბურთელებს არ გაყიდის, ეს ნიშნავს, რომ მას გუნდის განვითარება და მიზნების შესრულება სურს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ თამაშსაც გულისხმობს.
სტატისტიკის მიხედვით „ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესოებს შორისაა, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგის უკან უზადოდ მოქმედი დაცვის ხაზია, რომელიც სათამაშო დონეს 10 ფეხბურთელით ასპარეზობის დროსაც ინარჩუნებს. „ნაპოლისთვის“ ლობოტკა ფუნდამენტური მოთამაშეა, რომელიც დაცვასა და შეტევაში მოქმედებს“.
რაფაელე დი ფუსკო „ნაპოლიში“ 1983-1990 და 1993-98 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად სერია ა (1986-87, 1989-90), იტალიის თასი (1986-87) და UEFA-ს თასი (1988-89) მოიგო.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობდა, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა გასულ თვეში TNT Sports-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზოგჯერ წინადადებებზე უარს ვერ იტყვი.
„არიან თუ არა კვარაცხელია და ოსიმენი ხელშეუხებელი ფეხბურთელები? კონტრაქტების დადება კარგად გამომდის და როცა ისინი ნაპოლიში გადმოვიდნენ, სხვა კლუბები დავბლოკეთ. ასე რომ, მათი შენარჩუნება რთული არ იქნება, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს, რადგან ზოგჯერ ვიღებთ შეთავაზებებს, რომლებზეც უარს უბრალოდ ვერ იტყვი. არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ნაპოლის მაისურით მათ კაშკაშს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიხილავთ“.