„ლევანდოვსკის ევროპა ლიგის მოგების მოტივაცია როგორ გავუჩინო?“ - ჩავის შეკითხვა რეინას
ესპანელმა ჟურნალისტმა, ჟოან ფონტესმა „ბარსელონას“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, „ბლაუგრანას“ თავკაცს, ჩავის ეჭვი ეპარებოდა, რომ პოლონელს ევროპა ლიგის მოსაგებად საჭირო მოტივაცია ჰქონდა.
„ვილიარეალთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ჩავი პეპე რეინას გაესაუბრა, რომელიც მისი ყოფილი თანაგუნდელი და „ლა მასიას“ აღზრდილია. რეინამ ჩავის ჰკითხა, ევროპა ლიგის მოგების შანსებს როგორ აფასებდა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ლევანდოვსკის ამ ტიტულის მოგების მოტივაცია როგორ გავუჩინო?“
ცნობისთვის, „ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ დაპირისპირება 12 თებერვალს გაიმართა, რის შემდეგაც, „ბლაუგრანამ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2-მატჩიანი დაპირისპირება წააგო. „ბარსამ“ საკუთარ კედლებში ფრედ, 2:2 ითამაშა, „ოლდ ტრაფორდზე“ კი 1:2 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებმა ბოლო მატჩი „ალმერიას“ წინააღმდეგ ჩაატარეს და მოულოდნელად, 0:1 დამარცხდნენ. ლევანდოვსკიმ იმ შეხვედრაში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და „რეალთან“ ჩანიშნულ კლასიკოში გუნდს ვერ დაეხმარება.