რუდი კროლი: „სპალეტის ნაპოლი კრუიფის აიაქსს ჰგავს“
„აიაქსისა“ და ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, რუდი კროლმა La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, სპალეტის ფორმაციის „ნაპოლი“ 70-იანი წლების „აიაქსს“ ჰგავს, რომლის შემადგენლობაში იოჰან კრუიფი თამაშობდა.
70-იან წლებში „აიაქსმა“ ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო (1970–71, 1971–72, 1972–73).
რუდი კროლი: „ნაპოლის“ დიდებული თვისებები აქვს, როგორც გუნდური, ასევე ფეხბურთელთა ინდივიდუალური შესაძლებლობების თვალსაზრისით. ყველა იმ „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს, რომელმაც 1987-90 წლებში წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ახლა ჩვენ სპალეტის გუნდზე უნდა ვისაუბროთ. „ნაპოლის“ ძალიან კარგად თამაში მაშინაც შეუძლია, როცა მოედანზე 10 ფეხბურთელითაა. მათ შეუძლიათ 10 კაცით ითამაშონ და არაფერი შეიცვლება, რადგან ბრწყინვალე ცოდნით მოქმედებენ. ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია „ნაპოლის“ დამარცხება. ვიცნობ ლუჩანო სპალეტის, ვნახე მისი მუშაობა. მან იცის, როდისაა ხუმრობის დრო და როდის - მუშაობის, ეს ის ასპექტია, რომელიც ძალიან მომწონს.
შედარება „ნაპოლისა“ და „აიაქსს“ შორის? დიახ, ამ გუნდებს შორის მსგავსება ნამდვილადაა. იოჰან კრუიფთან ერთად უპირველესი იყო შეტევა და სრული უპირატესობის მოპოვება გარემარბების დახმარებით, როგორც ამას „ნაპოლი“ აკეთებს. იქ მხოლოდ კვარაცხელია და ოსიმენი არ არიან, მათთან ერთადაა ჟელინსკი, ლოზანო, კიმი და მერეტი, ამ გუნდის ერთად ზრდა და განვითარება კარგია.
„ნაპოლის“ თამაშით სიამოვნებას ყველა ქვეყანაში იღებენ, ნეაპოლური გუნდი ქომაგებს ყველა ქვეყანაში ართობს. „ნაპოლის“ მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა მეგობრებმა საფრანგეთიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ „ნაპოლი“ ძალიან მხიარულ და შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობს“.
24 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.