პსჟ ხელფასებს 30%-ით ამცირებს - მესი, მბაპე, ნეიმარიდან რომელიმე წავა
პსჟ ახალი სეზონიდან ხელფასების შემცირებას გეგმავს. ფინანსური ფეარ პლეის წესების დასაცავად პარიზელებს სერიოზული ცვლილებების გატარება მოუწევთ.
The Times-ი წერს, რომ პსჟ ლიდერთა სამეულიდან ერთ-ერთის გასაშვებად ემზადება.
ჯამში კლუბი გეგმავს ხელფასები 30%-ით შეამციროს. საამისოდ მთავარი ნაბიჯი მესის, ნეიმარის ან მბაპეს გაშვება იქნება.
The Times-ის ცნობით, ხარჯების შემცირება უეფასთან დადებული შეთანხმებით არის განპირობებული, რომელიც ფინანსურ სამართლიან თამაშს უკავშირდება.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად მოისურვებს სამეული მომავალ სეზონშიც პსჟ-ში ყოფნას. რაც ამჯერად არის ცნობილი, პსჟ-მ ნეიმარის გარემოცვას აცნობა, რომ ბრაზილიელს შეუძლია ახალი კლუბის ძიება დაიწყოს.
უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ პარიზელთა ხელმძღვანელებს ნეიმარის მოშორება დიდი ხანია სურთ და ეს პირველი მცდელობა არ არის.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის არც ლეო მესის მომავალი არ გარკვეულა. არგენტინელთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.