ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„მესის სტილში? მან კვარაცხელიას სტილში გაიტანა“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა. მან 2019 წელი გაიხსენა, როცა მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ქართველი ტალანტის შენარჩუნებაზე უარი თქვა და ფეხბურთელმა კარიერა ყაზანის „რუბინში“ გააგრძელა.

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი ხვიჩა კვარაცხელიამ „რუსთავიდან“ იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა. სიომინის ხელმძღვანელობით 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

სიომინი რუსულ Sport 24-ს ესაუბრა: „დიდი ხანია ეს თემა ამოიწურა თუ რატომაც გავუშვით. იმიტომ გავუშვით, რომ ხალხმა ფეხბურთი ცუდად იცის, მაგრამ კლუბს ხელმძღვანელობენ. სად წავა ახლა ხვიჩა, ეს მისი და „ნაპოლის“ გადასაწყვეტია“.

ჟურნალისტის კითხვა: „სასუოლოსთან“ მესის სტილში შეაგდო?“

სიომინის პასუხი: „არა, მან კვარაცხელიას სტილში გაიტანა. „სასუოლოსთან“ იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო. ხვიჩა უკეთ და უკეთ თამაშობს, მაგრამ მისთვის გოლის გატანა უფრო და უფრო რთული ხდება. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის პოულობს გამოსავალს“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 9 საგოლე პასი შეასრულა. მე-10 გოლი „სასუოლოსთან“ მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.


სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ 20 შეხვედრა მოიგო, პირველ ადგილზეა. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები