ახალი სკანდალი ბარსელონას გარშემო - კლუბს ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია
ესპანურ პრესაში „ბარსელონასთან“ დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი რადიოს, Cadena Ser-ის გადაცემაში, Qué t’hi jugues-ში განაცხადეს, რომ 2016-დან 2018 წლამდე „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ეკუთვნის, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.
კატალონიელმა სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გამოძიება დაიწყეს და ნეგრეირამ მათ ჩვენებაც მისცა. მისი თქმით, მიღებული თანხა კლუბისთვის გაწეული საკონსულტაციო სამუშაოს ანაზღაურება გახლდათ და მსაჯების მხრიდან „ბარსელონას“ დახმარებას ადგილი არ ჰქონია.
მომხდარზე „ბლაუგრანამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და რამდენიმე საკითხი განმარტა.
1 - წარსულში, ბარსელონამ გარე კონსულტანტის სერვისი დაიქირავა, რათა სხვა ესპანურ კლუბებში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით, ვიდეო ფორმატში წარმოებული მოხსენებები მიეღო.
2 - დამატებით, ამ მომწოდებელთან თანამშრომლობამ პროფესიონალურ მსაჯობასთან დაკავშირებული მოხსენებებიც მოიცვა, რათა ძირითადი და სარეზერვო გუნდების სამწვრთნელო შტაბის წევრებს მოთხოვნილი ინფორმაცია მიეღოთ.
3 - მსგავსი სერვისების წარმოება ახლა საფეხბურთო დეპარტამენტში მომუშავე პროფესიონალების მოვალეობაა.
4 - ბარსელონა წუხს, ეს ინფორმაცია მაშინ რომ გავრცელდა, როცა კლუბი მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაშს აჩვენებს.
5 - ბარსელონა სამართლებრივ ქმედებებს განახორციელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც კლუბის პრესტიჟის შელახვას ცდილობს.