ხვიჩას გარეშე - ნაპოლიმ მოიგო და მილანს 12 ქულით უსწრებს
იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურში „სალერნიტანა“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. ანგარიში პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, საგოლე პასი ზამბო ანგისას აქტივშია.
მეორე გოლი „პარტენოპეიმ“ 48-ე წუთზე გაიტანა, ვიქტორ ოსიმენმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მე-13 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.
„სალერნიტანას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ხვიჩა ამ შეხვედრას გამოტოვებდა: „კვარაცხელია სალერნოში არ გაემგზავრება. ის სახლში დარჩება. მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს, თუმცა ექიმებმა, სიმპტომებიდან გამომდინარე, მკურნალობა დაუნიშნეს“.
„სალერნიტანასთან“ მატჩამდე „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქის შესახებ ისაუბრა: „კვარაცხელიასთან მიმართებით მშვიდად ვათ, სადარდებელი არაფერია. მასთან და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ახლა კონტრაქტის განახლებაზე სასაუბროდ დრო არაა. გარდა ამისა, მასთან ისედაც გრძელვადიანი კონტრაქტი გვაკავშირებს. ამ ეტაპზე უახლოეს შეხვედრებზე ვფიქრობთ, სამომავლოდ კი კონტრაქტის განახლებაზეც ვისაუბრებთ“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია ა-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.
19 ტურში „ნაპოლიმ“ 50 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და უშუალო კონკურენტ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს. პიოლის გუნდი მე-19 ტურის შეხვედრას სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს (24 იანვარი), გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლისთან“ სხვაობა 9 ქულამდე შემცირდება. რაც შეეხება „ნაპოლის“ დღევანდელ მეტოქეს, „სალერნიტანა“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.