ტენ ჰაგი: “რაშფორდი ბურთს არ შეხებია და მომენტზე გავლენას არ ახდენდა“
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა. „იუნაიტედმა“ „სიტის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„პირველ ტაიმში იდეალურად ვითამაშეთ და მსაჯის სასტვენის შემდეგ გასახდელში ბედნიერები გავედით. მეორე ნახევარში მარსიალის შეცვლა მომიწია. ამის შემდეგ, „სიტი“ გააქტიურდა და გოლი გაიტანა. უყურადღებოდ ვითამაშეთ, მაგრამ „იუნაიტედის“ რწმენა ისეთი ძლიერია, რომ მატჩის შემოტრიალება მოვახერხეთ. თითოეულ ფეხბურთელს სჯერა, რომ თამაში 90 წუთი გრძელდება.
ბრუნო ფერნანდეშის გოლის დანახვა სხვა მხრიდან მსურს. რთული ეპიზოდი იყო. წესების მიხედვით, მარკუსი ბურთს არ ეხებოდა და მომენტზე არ ახდენდა გავლენას. ფეხბურთელები გამძლეები უნდა იყვნენ, რადგან ფეხებში ბევრჯერ ურტყამენ. უმაღლესი დონის მატჩებში ყველაფერი უნდა გაწირო, რათა სასურველ შედეგს მიაღწიო.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიდი ხნის წინ დაკარგული რწმენა დაიბრუნა. ჩემი გუნდი ბურთის გარეშე თამაშს უნდა მიეჩვიოს. „მანჩესტერ სიტის“ ტაქტიკას საკმაოდ ბევრი გუნდი მიმართავს და ამას უნდა მივეჩვიოთ.“
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეშის მიერ გატანილ გოლს დიდი გამოხმაურება მოყვა. ბევრი თვლის, რომ რაშფორდი მომენტზე გავლენას ახდენდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა და „იუნაიტედმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.