120 წუთი და პენალტების სერია - ბარსა ფინალშია და რეალს შეხვდება
ესპანეთის სუპერ თასზე პირველი ნახევარფინალის მსგავსად მეორეც დრამატული გამოდგა. „ბარსელონამ“ და „ბეტისმა“ 120-წუთიანი დრამა შემოგვთავაზეს, რომელიც პენალტების სერიით დაგვირგვინდა და „ბარსას“ გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში მე-40 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ნაბილ ფეკირის საპასუხო ბურთი მოჰყვა.
მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. 93-ე წუთზე ანსუ ფატიმ საჯარიმოს ხაზიდან ჰაერიდან ლამაზი დარტყმით „ბარსა“ დააწინაურა. 103-ე წუთზე კი ლორენ მორონმა საპასუხოდ ასევე ულამაზესი გოლი გაიტანა - ქუსლით შესრულებული დარტყმის შემდეგ ტერ შტეგენი უძლური აღმოჩნდა.
2:2-ის შემდეგ, გუნდებს დიდად აღარ უაქტიურიათ და მატჩი ლოგიკურ პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც კატალონიელები უკეთესები იყვნენ და 4:2 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენმა 2 პენალტის მოგერიება შეძლო და სერიის გმირი გახდა.
15 იანვარს, 23:00 საათზე ფინალში „ელ კლასიკო“ გველის - „რეალი“ „ბარსელონა“.