ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მორცხვი არ ვარ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს“ - კვარას სრული ინტერვიუ DAZN-თან

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ცნობილ იტალიურ ტელევიზია Dazn-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში თავის ამჟამინდელ გუნდზე, საქართველოსა ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტი გვხვდებოდა, დღეს კი ინტერვიუს სრული ვერსია გავრცელდა.

მეტსახელები და ასოცირება დიეგო მარადონასთან:

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ, ბევრი მეტსახელი შემარქვეს, თუმცა ჩემი ფავორიტი „კვარადონაა“. მაშინაც კი, როდესაც შენს სახელში მარადონას მცირე ნაწილი მაინცაა შერეული, შეუძლებელია განსხვავებული ემოცია არ გქონდეს. ეს ძალიან დიდი პატივია, რომელიც ყოველთვის სიამაყით მავსებს.

არ ვიცი, ველოდი თუ არა ასეთ გავლენას იტალიაში ჩასვლისას. ყოველთვის, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ასე მომხდარიყო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და თუ ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ კმაყოფილებაც უფრო მეტია. გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ, დანარჩენი კი გულშემატკივრების გადასაწყვეტია, რომლებსაც მუდამ დიდ მადლობას ვეუბნები მხარდაჭერისთვის.

საქართველოს შესახებ:

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ყველას უყვარს ფეხბურთი, ყველა ფეხბურთელს და სპორტსმენს დიდ პატივს სცემენ, ამიტომ მიადვილდება ამხელა სიყვარულის მიღება. შემიძლია გითხრათ, რომ ბევრმა ქართველმა დაიწყო „ნაპოლის“ გულშემატკივრობა მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე თამაში. საქართველოში დაბრუნება სასიამოვნო იყო, რადგან ხალხი ძალიან თბილად დამხვდა. ეს ჩემი ქვეყანაა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ იქ შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ. როდესაც „ნაპოლი“ თამაშობს, თბილისში და მთელ საქართველოში ამ მატჩს ყველა უყურებს.

ევროპის უძლიერეს მოთამაშეთა შორის:

ვფიქრობ, ჯერ კიდევ შორს ვარ ამისგან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ამ ყველაფერს არ ველოდი. რთულია იფიქრო, რომ ასეთი პატარა ქვეყნიდან ასეთ დიდ გუნდში თამაში შეგიძლია. ისეთ გრანდში თამაში, როგორიც „ნაპოლია“, ჩემი ოცნება იყო, თუმცა კიდევ ბევრი მიზანი მაქვს დასახული და მათ შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებ.

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი:

როდესაც იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შენი სადებიუტო მატჩი „ლივერპულთან“ იქნება, დიდ მოტივაციას იღებ და პასუხისმგებლობას გრძნობ, რადგან დიდი ჩემპიონების წინააღმდეგ გიწევს თამაში. როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა თამაშში მაქსიმუმი გავიღო, იმის მიუხედავად, თუ რა სახელი წერია მეტოქის მაისურზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

ძლიერი მცველების წინააღმდეგ თამაში:

ბევრს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია ვარჯიშებზე ჯოვანი დი ლორენცოს წინააღმდეგ თამაში, ის მართლაც შესანიშნავი მცველია, ძალიან ძლიერია. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის ვეძებ რაღაც ახალს, ვცდილობ უფრო გავუმჯობესდე და არაპროგნოზირებადი გავხდე. თუ სამომავლოდ დი ლორენცოს ჩემს წინააღმდეგ მოუწევს თამაში და რამეს იტყვის, ის უკვე მოძველებული იქნება.

მესი თუ რონალდუ:

77 ნომერს პირდაპირი კავშირი არ აქვს. 7 ჩემი საყვარელი ნომერია, ასევე კრიშტიანუსი და ამიტომ ავირჩიე 77. რონალდუსა და მესის შორის ყოველთვის ვამბობდი, რომ მათი შედარება ძალიან რთულია. მე ნამდვილად ვაფასებ პორტუგალიელს, რადგან მესის დონის კონკურენტის ყოლა ძალიან რთულია. არგენტინელი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი თამაშის ხილვა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი კერპი კრიშტიანუ რონალდუა.

ოჯახი:

მამაჩემი ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, მან გადმომცა ფეხბურთისადმი სიყვარული, მე ყოველთვის მხოლოდ იმიტომ ვთამაშობდი, რომ მომწონდა. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო. როდესაც ვუყურებდი, მისი თამაშით აღფრთოვანებული ვრჩებოდი.

როდესაც თბილისის „დინამოს აკადემიაში“ ვიყავი, ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და მათგან ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. დღესაც, თბილისის „დინამოს“ აკადემია საქართველოში მოწინავე პოზიციაზეა.

ჩემი უმცროსი ძმა ჩემზე ძლიერია, მაგრამ ეს ბევრი ვარჯიშით უნდა დაამტკიცოს. მას აქვს ყველა უნარი, რომ ჩემზე უკეთესი გახდეს და იმედი მაქვს ამას შეძლებს. ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს.

სპალეტის შესახებ:

ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. როდესაც მწვრთნელი გეუბნება, რომ რამეზე გაქვს სამუშაო, ეს მისი მოვალეობაა და ამას ყველა მოთამაშემ უნდა მიაქციოს ყურადღება. სპალეტისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ძალიან გახსნილი ადამიანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ ისეთს, რომელსაც განსაკუთრებულად ვეწყობი. ყველა ძალიან კარგია და ერთმანეთთან ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს, თითქოს დიდი ოჯახი ვიყოთ. როცა ჩამოვედი, ჩემს ადაპტაციაში ყველამ დიდი როლი ითამაშა. ძალიან კარგად მიმიღეს და ამას არ ველოდი.

საყვარელი მოძრაობა არ მაქვს, ბევრი რამ სიტუაციაზე არის დამოკიდებული. არ შეიძლება ცრუ მოძრაობების გასაკეთებლად ვარჯიში, ეს ისაა, რისთვისაც ვერ წინასწარ ვერ ივარჯიშებ. თუ მოთამაშეზე გვერდის ავლის საუკეთესო საშუალებაა, მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, ამის წინაპირობა უნდა გქონდეს.

ნაპოლისთან მოლაპარაკებების პროცესი:

„ნაპოლისთან“ მოლაპარაკებების პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, დაახლოებით ორი წელი. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემით ასეთი დონის გუნდი ინტერესდებოდა. იმ დროს ვერ ვიტანდი, ერთი სული მქონდა გარიგება როდის დასრულდებოდა და ვოცნებობდი, რომ „ნაპოლის“ მაისური რაც შეიძლება მალე ჩამეცვა. როგორც ვიცი, სხვა გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ როცა „ნაპოლის“ ინტერესზე გავიგე, ბევრი აღარ მიფიქრია, აქ მინდოდა თამაში. როდესაც „ნაპოლის“ თამაშებს ვუყურებდი, ვამბობდი, რომ ამ სტილის ფეხბურთთან ადაპტირება შემეძლო, ძალიან მომწონდა. ახლა მეც შემიძლია ვთქვა, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ვარ.

ნეაპოლი გასაოცარი ქალაქია თავისი სილამაზით, ნეაპოლიტანელები კი განსაკუთრებული ხალხია. აქ ქალაქი ფეხბურთის სიყვარულით ცხოვრობს. თამაშის დროს დიდი მოტივაციაა, როდესაც მთელი ქალაქი გიჭერს მხარს და სიყვარულს ყოველდღიურად გაგრძნობინებენ. ჩემთვის ნეაპოლი სიყვარულია. სამწუხაროდ, ქალაქის დათვალიერება კარგად ვერ მოვახერხე, რადგან გარეთ იშვიათად გამოვდივარ, თუმცა გულშემატკივრები ჩვენზე, ფეხბურთელებზე ძალიან შეყვარებულები არიან.

მიკანკალებს თუ არა ფეხები თამაშის წინ? არ ვიცი (სიცილით). არ მგონია, რომ მორცხვი ვიყო, უბრალოდ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.

სტეფ კარის სტილში გოლის აღნიშვნა:

არ ვიცი გავიმეორებ თუ არა ამას, ეს ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული, წინასწარ არ ვიცი რას გავაკეთებ გოლის გატანის შემდეგ. ვინ არის ფეხბურთის კარი? რონალდუ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ და ახლაც ვაგრძელებ. სანამ ის ფეხბურთშია, მეც მისკენ ვიქნები. კიდევ ერთი აღნიშვნა, რომელსაც ვაკეთებ, ჩემი შეყვარებულის სახელის პირველი ასოა.

სკუდეტოს მოგება:

ცრუმორწმუნე არ ვარ. სკუდეტოს მოგება შეგვიძლია, მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო და თამაში გვაქვს. ყველა გამოწვევა ფუნდამენტურია და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ტიტულის მოგება შეგვიძლია. მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ.

საყვარელი იტალიური სიტყვა და კერძი:

Forza Napoli! კერძი კი სპაგეტი ტომატის სოუსით.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის განახლების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ შეხვედრას 4 იანვარს, „სან სიროზე“, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია
GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია