საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი, გონსალო პინედა
Aa
Aa

საბა სრულყოფილი მაგალითია - ატლანტას მწვრთნელმა ქართველი შეაქო

„ატლანტა იუნაიტედის’’ მექსიკელმა მთავარმა მწვრთნელმა გონსალო პინედამ გუნდის ქართველ გარემარბზე, საბა ლობჟანიძეზე ისაუბრა.  ჟურნალისტის კითხვა საბას დაცვაში ბრწყინვალე თამაშსა და მარჯვენა მცველ ბრუკს ლენონთან კარგ ურთიერთგაგებას ეხებოდა. პინედა თვლის, რომ გარემარბები ბურთის დაბრუნებაში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ და მის მოთხოვნებს ქართველი ფეხბურთელი მაქსიმალური მონდომებით ასრულებს.

„ბედნიერი ვარ, ყველამ იცის საბას ეფექტურობაზე შეტევაში, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო მხარეა რამდენად კარგად თამაშობს დაცვაში. საბას გაცვლები, მისი ძალისხმევა და სურვილი რომ უფრო სრულყოფილი გარემარბი იყოს, ჩემთვის საოცარი რამ არის. შეტევაში კარგი თამაში, საგოლე პასები და გოლები მისი ჯილდოა იმისთვის, რასაც დაცვაში აკეთებს,  დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულების დიდ სურვილს ავლენს.

მინდა ჩემი გუნდის გარემარბებმა საჯარიმოდან საჯარიმომდე ირბინონ და დაცვაში თავი კარგად წარმოაჩინონ, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება საჭიროა და საბა ამის სრულყოფილი მაგალითია. 

ვიცით რომ მისი საუკეთესო მხარე დაცვაში თამაში არაა. ცდილობს და ამის შეცვლის სურვილს გამოხატავს, რომ გაცილებით უფრო უკეთესი გახდეს. ასე რომ, შეგიძლიათ დაითვალოთ ბურთს რამდენად ხშირად იბრუნებს, როცა პრესინგში ერთვება, დაცვით ფუნქციებს ბრწყინვალედ ასრულებს. ფლანგზე ბრუქსთან ერთად მოქმედებს იმისთვის, რომ მეტოქის შემტევები მოედნის ამ ნაწილში გაანეიტრალონ. ეს ჩემთვის შთამბეჭდავია. 

რაც შეეხება საბას შეტევით პოტენციალს, მისი კარიერა საკმაოდ სტაბილურია, ყოველ წელს საგოლე პასებითა და გოლებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ მისი ტრანსფერი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო’’.

გამომდინარე იქიდან, რომ საბა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, ევროპის ჩემპიონატის წინ მისი კარგი სათამაშო ფორმა მნიშვნელოვანია. 29 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის MLS-ში 8 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), 1 გოლი შეაგდო (მე-4 ტურში ორლანდოსთან) და 1 საგოლე პასი შეასრულა (მე-6 ტურში ჩიკაგოსთან).

ახლა საბას დროა -  „ორლანდოსთან'' გოლი ტრადიციულად აღნიშნა.

საბა, რომელიც ამერიკულ კლუბში გასული წლის აგვისტოში თურქული „ჰატაისპორიდან'' გადავიდა, „ატლანტას'' ქომაგებში პოპულარულია. MLS-ის მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დასახელდა და „ატლანტაში'' დამკვიდრებული ტრადიციით ჩაქუჩით ლურსმანი დააჭედა.

გასულ თვეში, როცა საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, ვილი სანიოლმა საბა ლობჟანიძე ფლეი-ოფის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა. მაშინ ვილიმ საბას გამოუძახებლობა ფეხბურთელის რთული გრაფიკით ახსნა, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა იორგოს იაკუმაკისი, როემლიც ამერიკაში საბას თანაგუნდელია, გამოიძახა და ფლეი-ოფის ორივე შეხვედრაში ათამაშა (ყაზახეთთან და საქართველოსთან). შესაძლოა, ვილის საბას გამოუძახებლობის სხვა მიზეზიც ჰქონდა, რაც არ გაუმჟღავნებია.

ვილი სანიოლი:„საბა ლობჟანიძეს რთული გრაფიკი აქვს. მას პროფესიულად და პიროვნულად ძალიან ვაფასებ. მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერა ამერიკაში გაეგრძელებინა. კვირას ჩემპიონატში მძიმე თამაში ელის და ვფიქრობ, ლუქსემბურგთან თამაშისთვის მზად არ იქნებოდა. ხანგრძლივ მგზავრობას და აღდგენას დრო სჭირდება. ტაილანდთან თამაშის დროსაც დავინახეთ, რომ კუნთი გაეჭიმა და აღდგენა ვერ მოასწრო''.

საბამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 გოლი და 6 საგოლე პასია.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები