“ერთა ლიგაზე ვაპირებ თამაშს“ - მოდრიჩი სანაკრებო მომავალზე
ხორვატიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა. დალიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა მაროკო 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
სპორტულ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ლუკა მოდრიჩისთვის ეს ბოლო სანაკრებო მატჩი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ეს ასე არ არის. ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ჯერჯერობით სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. ვეტერანმა beIN SPORT-თან ისაუბრა.
მოდრიჩი:
„ჩემი სანაკრებო მომავალი? არ ვიცი ვითამაშებ, თუ არა ევრო 2024-ზე. ვნახოთ, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდე. ეროვნულ ნაკრებში ყოფნით სიამოვნებას ვიღებ და ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, მაღალ დონეზე თამაში ისევ შემიძლია და ერთა ლიგაზე მონაწილეობას მივიღებ. ამის შემდეგ, დრო მექნება ფიქრისთვის და გადავწყვეტ ვითამაშო, თუ არა ევროპის ჩემპიონატზე.“

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი ახლა 37 წლის გახლავთ და კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ვეტერანი ნახევარმცველი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და ჩინებულ ფორმაში იმყოფება.