ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია
Aa
Aa

კაშიას და კიტეიშვილის გოლები - ქართული ლეგიონის წარმატებული დღე ევროპაში

ხუთშაბათ საღამოს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს ინტერესს ქართველ ლეგიონერთა გუნდები იწვევდნენ.

კონფერენს ლიგაზე პირველი შეხვედრა ვენაში „აუსტრიასა“ და პოზნანის „ლეხს“ შორის შედგა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა და მატჩში მონაწილეობა ორივე ქართველმა მიიღო.

ნიკა კვეკვესკირი ძირითადში იმყოფებოდა და მოედანზე 88 წუთი გაატარა, შემდეგ კი შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილი კი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „ლეხი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა და ბოლო ტურში დიდი ალბათობით 1 ქულა პლეი-ოფის საგზურს მოუტანს. პოლონელები შინ „ვილიარეალს“ უმასპინძლებენ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ქართველების გუნდს „ჰაპოელ ბეერ შევასთან“ უპირატესობა აქვს.

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ პრინციპულ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდს“ უმასპინძლა და 93-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გოლით დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში ცვლილებაზე გამოჩნდა და 56-ე წუთიდან მოყოლებული მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. საბოლოოდ კი თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ფეიენოორდისთვის ეს ანტირეკორდი იყო. როტერდამულ კლუბს აქამდე უეფას თასზე და შემდეგ ევროპა ლიგაზე, ასე გვიან გაშვებული გოლით თამაში არასდროს წაუგია. სასიამოვნოა, რომ ეს კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ მოხდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „შტურმი“ 8 ქულით „ლაციოსთან" ერთად ჯგუფს ლიდერობს და „ფეიენოორდს“ 3 ქულით უსწრებენ.

ირაკლი აზაროვნის „ცრვენა ზვეზდამ“ შინ თურქულ „ტრაბზონსფორს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ქართველ განაპირა მცველს არ უთამაშია. აზაროვი თადარიგში იყო.

ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბახმა" "ნანტთან" სტუმრად 1:2 წააგო. ქართველი მეკარე ამჯერადაც თადარიგში იმყოფებოდა.

კონფერენს ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე ერევნის „პიუნიკს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობის იყო. ამ მოგების შედეგად, ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფში 8 ქულით „ბაზელთან“ ერთად ლიდერია. დღევანდელ მეტოქეს კი 2 ქულით გაასწრეს.

რაც შეეხება მატჩს, ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი მასპინძელთა მეკარემ ბავშვური შეცდომა დაუშვა და ტექნიკური წუნის შედეგად ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა - „პიუნიკი“ დაწინაურდა 1:0.

ამის შემდეგ, სათამაშო ტემპი დავარდა, თუმცა როგორც „სლოვანს“ სჩვევია ხოლმე, ბოლო წუთებზე გუნდი აფეთქდა და საბედნიეროდ ეს ქართველების მონაწილეობით მოხდა.

გიორი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა გურამ კაშიამ გააგრძელა და საბოლოოდ ჩვენი ნაკრების კაპიტანი შეტევას ბოლომდე გაჰყვა, რაც მისი მოხდენილი დარტყმით და გოლით დასრულდა.

84-ე წუთზე გამათანაბრებელ გოლს მასპინძლებმა 85-ე წუთზე მეორეც მიაყოლეს. ამჯერად „პიუნიკის“ მეკარე შეცდა, რომელსაც ბურთი ფეხიდან აეჭრა და მეტოქეს ჩააბარა. ერიკ რამირესმა შანსი გამოიყენა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ჩაკვეტაძე 87-ე წუთზე შეცვალეს, კაშიამ 90 წუთი ითამაშა. ჯაბა კანკავას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-კაციანი სია - იუვენტუსის სამიზნეთა შორის ერთ-ერთი მამარდაშვილია
3-კაციანი სია - იუვენტუსის სამიზნეთა შორის ერთ-ერთი მამარდაშვილია