ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

განაპირა მცველების კოშმარი კვარა, სპალეტი და სხვები - Goal-ის სტატია ნაპოლიზე

ცნობილმა გამოცემამ, Goal.com-მა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ ვრცელი სტატია მიუძღვნა და იმ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც „პარტენოპეიმ“ მიმდინარე სეზონში განიცადა - „ჩვენით მარადონაც იამაყებდა - როგორ გახდა ნაპოლი ევროპის ყველაზე აღმაფრთოვანებელი საფეხბურთო გუნდი“.

„ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ვარსკვლავების წასვლის გამო, მიმდინარე სეზონში ნაპოლის სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ ამ წუთისთვის, ლუჩანო სპალეტის გუნდი ევროპული საფეხბურთო სამყაროს რჩეული გახლავთ. გასულ სამშაბათს, Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუდ კროლმა განაცხადა, რომ ნაპოლი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და პარტენოპეიმ მისი სიტყვები იმავე საღამოს დაამტკიცა, როცა აიაქსს ისტორიული მარცხი აგემა და მეტოქე სტუმრად 6:1 გაანადგურა. მარკო ვან ბასტენმა ნაპოლის გამარჯვებას „ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა, პიოტრ ზელინსკიმ სიტყვა „მაგიური“ გამოიყენა, ხოლო დე ლაურენტისის აზრით, ნაპოლის „შესანიშნავმა შემადგენლობამ“ „კოსმოსური თამაში აჩვენა“.

ნეაპოლელებმა იმდენად მაგრად იასპარეზეს, რომ შთაბეჭდილება ფაბიო კაპელოზეც მოახდინეს და ლეგენდარულმა იტალიელმა Sky Sport Italia-სთან საუბრისას განაცხადა: „ნაპოლიმ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო გაკვეთილი ჩაატარა. პარტენოპეიმ ეს გაკვეთილი ნიდერლანდელებს ჩაუტარა. ნიდერლანდელებს, რომლებმაც დანარჩენ სამყაროს ფეხბურთის თამაში ასწავლეს".

მატჩის დაწყებამდე, „აიაქსმა“ სოციალურ ქსელებში მარადონასა და კრუიფის ფოტო გამოაქვეყნა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი De Telegraaf-მა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ნაპოლის მიერ ამსტერდამში ნაჩვენები ბრწყინვალე ასპარეზობა მარადონას აუცილებლად მოხიბლავდა, კრუიფი კი შეწუხებული იქნებოდა აიაქსის თამაშით, რომელიც ევროპაში დაცინვის ობიექტი გახდა“.

Da Telegraaf-ის სიტყვები რეალობისგან შორს არ ყოფილა. ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდა, მარკო ვან ბასტენი შერცხვენილი და განრისხებული იყო. მან ყოფილი კლუბი ზაფხულში, 100 მილიონის „უცნაურად“ და „გიჟურად“ დახარჯვის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აიაქსში რაღაც რიგზე ნამდვილად ვერაა. აი, ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკა კი რადიკალურად განსხვავებული იყო და კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა და სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. დაკარგული ვარსკვლავების მიუხედავად, პარტენოპეიმ როგორღაც მოახერხა და უფრო ძლიერი დაბრუნდა. თან ეს ისე გააკეთა, რომ სატრანსფერო ფანჯრისას ასტრონომიული თანხები არ დაუხარჯავს. ნაპოლიმ სულ რაღაც 60 მილიონი ევრო გაიღო და ყოფილი კაპიტანი, ლორენცო ინსინიე, დაცვის ლიდერი, კალიდუ კულიბალი, ვარსკვლავური სტატუსის მქონე ნახევარმცველი, ფაბიან რუისი და საუკეთესო ბომბარდირი, დრის მერტენსი ჩაანაცვლა.

ნაპოლი არაა კლუბი, რომლის დახმარებითაც, ვიღაც-ვიღაცები თავიანთი რეპუტაციის გამოსწორებას ცდილობენ და პარტენოპეის არც მფლობელი ჰყავს, ვისაც ნავთობის წყალობით უდიდესი ფინანსები აქვს. და მაინც, ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ, ნეაპოლელებს ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი და ერლინგ ჰოლანდის სიტისაც უსწრებენ. სწორედ ამიტომ, ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ნაპოლი ევროპული საფეხბურთო სამყაროს ახალი რჩეული გახდა, თუმცა მის თავკაცს, ლუჩანო სპალეტის ამას ვერ შეატყობდით. აიაქსთან მატჩის შემდეგ, მას ჰკითხეს, შედეგით კმაყოფილი თუ იყო. იტალიელი კმაყოფილი ნამდვილად გახლდათ და თავისი ფეხბურთელების მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურა, თუმცა ისიც თქვა, რომ მათ ჯერ არაფრისთვის მიუღწევიათ და მალევე მომდევნო შეხვედრაზე საუბარი დაიწყო, რომელიც ნაპოლის კრემონეზესთან ელოდა. სპალეტიმ განაცხადა, რომ პარტენოპეის რთული მატჩი ექნებოდა და არ შემცდარა.

ნაპოლიმ 4:1 მოიგო, მაგრამ ანგარიში შეხვედრის სცენარს არ ასახავს. „ბრძოლა იმ დონეებზე წარიმართა, რომლებიც ჩვენს მახასიათებლებს კარგად არ ერგება. საკმარისი რაოდენობის მეორე ბურთები ვერ მოვიპოვეთ და ისეთი მატჩი გამოვიდა, როგორთანაც შეჩვეული არ ვართ, თუმცა თავი არ დაგვიკარგავს და საბოლოოდ, ჩვენმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო“.

ნაპოლი სერია A-ს ლიდერია, მოქმედი ჩემპიონი მილანი სან სიროზე დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრაში იმარჯვა, რომელთა შორის ლივერპულთან 4:1 მოგებული მატჩიც იყო. ლუჩანო სპალეტიში ეჭვი არავის ეპარებოდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ იტალიელ სპეციალისტს შეეძლო იმდენი ექნა, რომ მის გუნდს სანახაობრივი ფეხბურთი ეთამაშა. სპალეტი დიდი ხანია ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსად მიიჩნევა და რომას თავკაცის პოსტზე, მისი უთავდამსხმელო სათამაშო სქემა, რომელმაც ფრანჩესკო ტოტი გოლების მანქანად აქცია, სერ ალექს ფერგიუსონის შთაგონების წყარო გახდა. სხვადასხვა გუნდში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ერთი კითხვა მაინც რჩებოდა - შეეძლო სპალეტის დიდი ტურნირების მოგება? რუსეთში ყოფნისას, იგი ზენიტთან ერთად ჩემპიონი გახდა, მაგრამ სკუდეტო არასდროს მოუგია.

მისთვის უცნობი არც სეზონის მაღალ დონეზე დაწყება ყოფილა. გასული სეზონის პირველი ნახევრის დიდი ნაწილი ნაპოლიმ მოწინავე პოზიციებზე გაატარა. 27-ე ტურში, პარტენოპეი მილანზე და ინტერზე წინ იყო, მაგრამ მომდევნო 7 თამაშიდან 3 წააგო და საბოლოოდ, მე-3 პოზიცია დაიკავა, თუმცა შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, წლეულს შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს და ამის მიზეზი ძლიერი და ღრმა შემადგენლობაა.

მაგალითად, ლივერპულის განადგურებისას ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო და ეს უდიდესი დანაკლისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ნაპოლის მისი დაკარგვა არც დასტყობია. ნიგერიელის გარეშე, პარტენოპეიმ 6 შეხვედრა მოიგო და მისი ფუნქციები ჯაკომო რასპადორიმ და ჯოვანი სიმეონემ შეითავსეს. რა თქმა უნდა, გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას ყოლაც დაეხმარა. ეს უკანასკნელი ნებისმიერი განაპირა მცველის ყველაზე საშინელი ღამის კოშმარია და შეგიძლიათ, ამაზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ჰკითხოთ. დინამო ბათუმის ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ნაპოლიმ 10 მილიონ ევროდ შეიძინა, წლის საუკეთესო შენაძენის ჯილდო თითქმის გარანტირებული აქვს და სეზონის დასრულებამდე კიდევ ბევრი აპლოდისმენტი და ოვაცია უნდა მიიღოს.

ნახევარდაცვის ხაზში  ლობოტკა, ზელინსკი და ზამბო-ანგისა ბრწყინავენ. ფულემის ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი თამაში სხვა დონეზე აიყვანა და როგორც ჩანს, ახალი კონტრაქტით დააჯილდოებენ. ხანდახან, ტოტენჰემიდან იჯარით მყოფი ტანგუი ნდომბელეც კი იმ დონეს აჩვენებს, რომელიც ლიონში ყოფნისას ჰქონდა. ნაპოლის საკვანძო შენაძენი სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი გახლავთ. კალიდუ კულიბალის ჩანაცვლება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნაპოლიმ კიმ მინ ჯე შეიძინა და ბევრ ექსპერტთან ერთად, ინტერის ლეგენდა, ბეპე ბერგომიც თვლის, რომ ზოგიერთ კომპონენტში ის სენეგალელზე უკეთესია. სპალეტი მაქსიმუმს აკეთებს, რათა როგორც თვითონ, ისე მისი ფეხბურთელები ასეთი განცხადებებისგან შორს იყვნენ. წინ გრძელი გზაა გასავლელი და მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რის გამოც ისეთი გადატვირთული კალენდარი გვექნება, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს.

არიან ნაპოლი და სპალეტი გამოწვევისთვის მზად? პარტენოპეის ხასიათი და შემადგენლობა უახლოეს კვირებსა და თვეებში გამოიცდება, თუმცა კვარაცხელია ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ლიმიტი არ არსებობს, რასპადორი კი დარწმუნებულია, რომ ნაპოლის უკეთ თამაშისა და მომატების პოტენციალი აქვს. აღარავინ მალავს და ყველამ იცის, რომ ნაპოლის სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე შორს გასვლა შეუძლია“, - წერს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ თამაშს დღეს ვიხილავთ და „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - მამუკელაშვილის 32 წუთი და 13 ქულა
ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - მამუკელაშვილის 32 წუთი და 13 ქულა