გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის 2 საგოლე პასი და გამარჯვება - ქართველები ევროტურნირებზე

ხუთშაბათ საღამოს ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა. ტრადიციულად გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების მონაგარს ევროტურნირებზე.

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის „ლეხმა“ „აპოელ ბეერ შევას“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ორივე ქართველი მოედანზე მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოჩნდა და შეხვედრაში მე-60 წუთიდან ჩაერთნენ.

„ლეხს“ სამი ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა და ასევე 0:0 ითამაშა.

„კიტე“ მოედანზე მეორე ტაიმში 69-ე წუთზე გამოჩნდა. „შტურმი“ სამი ტურის შემდეგ, ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ჯგუფის ოთხივე გუნდსაც ამდენივე ქულა აქვს და პლეი-ოფში გასვლის შანსს ყველა ინარჩუნებს.

ბრატისლავის „სლოვანი“ შვეიცარიაში „ბაზელს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ბევრი ამ შედეგს არ ელოდა და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძველი დრო გაიხსენა და ძველი „ჩაკვე“ გაგვახსენა - გიომ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჩაკვეტაძემ მოედანი მე-60 წუთზე დატოვა. მცირე ტრავმა აწუხებდა და სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა. რაც შეეხება კანკავასა და კაშიას, ორივე მათგანი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს.

„სლოვანმა“ ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი თამაში მოიგო და 4 ქულით მესამე პოზიციაზე გადავიდა. ლიდერ „ბაზელს“ და ერევნის „პიუნიკს“ 2 ქულით ჩამორჩება.

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ 3:0 მოუგო და ჯგუფში მეორე გამარჯვება გაიფორმა.

ქართველი გოლკიპერი ამჯერადაც თადარიგში დარჩა. მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 6 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ფრაიბურგს“ სამით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Yahoo Sports: „ლივერპული ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“
Yahoo Sports: „ლივერპული ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“