ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა: „მადლობა ქომაგებს, გუნდის წარმატება ჩემთვის პირველია“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „ნაპოლისა“ და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა. „კვარამ“ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი ძალიან გავიზარდე, რადგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე და გადაწყვეტილება მივიღე, რომ კიდევ უფრო მეტი მესწავლა. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რაც არ უნდა კარგი შედეგი გქონდეს, სწავლა აუცილებლად უნდა განაგრძო. ამ სამმა თვემ მანახა, რომ მარტივი არაფერია და ბევრი შრომაა საჭირო. მითუმეტეს, როცა ასეთი გადატვირთული კალენდარი გაქვს და 3 დღეში ერთხელ თამაშობ. ნაკრების მატჩებიც მიყოლებით იყო და უდიდესი ენერგია დავხარჯეთ, რადგან 10 დღეში რთულია 4 შეხვედრა ჩაატარო და 10 ქულა აიღო. არ უნდა მოვეშვათ, არაფერი უნდა დავაკლოთ და პირიქით, მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც გუნდს, ისე გულშემატკივრებს, შევასრულოთ.

როცა ვიგებ, რომ ნაკრებში ვარ გამოძახებული და საქართველოში უნდა ჩავიდე, ამას დიდი ემოციებითა და სიხარულით ვხვდები. მართლა ძალიან მიხარია, რადგან როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, მეგობრული და ოჯახური გარემოა და ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო. ალბათ, გარედანაც შეიმჩნევა, რომ გუნდში ერთსულოვნებაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ჩვენი მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ერთად ძლიერები ვართ და ჩემთვის გარემოსა და ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ინდივიდუალურ დონეზე გამოირჩევი, მაგრამ პრიორიტეტული გუნდის წარმატებაა, რადგან გუნდის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ვცდილობ, რომ ჩემი საფეხბურთო თვისებები გუნდს მოვახმარო და საერთო წარმატება ჩემთვის პირველია.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია, როცა გყავს ადამიანი, ვისგანაც ისწავლი და გამოცდილებას მიიღებ. როგორც მოედანზე, ის მის მიღმა, მწვრთნელებთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ურთულესია დაამარცხო გუნდი, რომლის მწვრთნელები და ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ერთი დიდი ოჯახი აქვთ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. 17 წლიდან ოჯახიდან შორს ვარ და ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს რთულია, მაგრამ ყველაფერს ეჩვევი და როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრებაში ბევრს სწავლობ. ჩემი აზრით, უფრო მეტი არის სასწავლი და უფრო მეტი არის გასაკეთებელი. თითოეული ქართველი გულშემატკივრისა და ფეხბურთელის ოცნება ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ ექნება მნიშვნელობა ვინ შეგხვდება და ფეხბურთელებს რა გვარები ექნებათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ბიჭებს ერთად უამრავი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ.

მინდა, თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო და ისინი თითოეულ შეხვედრაზე ასე გვქომაგობენ. ბილეთები თითქმის ერთ დღეში გაიყიდა და დარწმუნებული ვარ, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება. ის ადამიანები, რომლებიც სტადიონზე ვერ მოდიან ან საქართველოში არ არიან, ტელევიზორით გვიქომაგებენ. მადლობა თითოეულ მათგანს. ისინი დიდ ემოციას გვჩუქნიან და შეიძლება ისეთი დრო იყოს, ისეთი დაღლილი იყო, რომ რაღაცას ვერ აკეთებდე, მაგრამ მათი მუხტი, მათი შეძახილები და მათი გამხნევება ისეთ ენერგიას გაძლევს, რომ ამის პოვნა ადამიანში შეუძლებელია. გპირდებით, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს
„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს