კონფერენს ლიგა, იბერია 1999, ლაშა ნოზაძე, ბუქარესტის სტიაუა, ლევან კაკუბავა
Aa
Aa

საბურთალო მატჩის წინ: სტიაუა ძლიერი გუნდია, მაგრამ არ გვეშინია

ხვალ, უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში „საბურთალო“ დინამო არენაზე ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ და კაპიტანმა, გიორგი გაკუბავამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლაშა ნოზაძე:

სტიაუა ტიტულოვანი კლუბია არამხოლოდ შიდა ჩემპიონატში, არამედ მსოფლიოში. მართალია, ახლა იმ დონეზე აღარ არიან, მაგრამ ძალიან გამოცდილი გუნდია. ბოლო სეზონში დიდი წარმატებები არ ჰქონიათ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია და ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

სამწუხაროდ, პარტიზანთან პირველი მატჩის დროს ჯგერენაია დაშავდა და 1 თვე ვერ ითამაშებს, დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია. შემოგვიერთა ბექა ქურდაძე, რომელიც საბურთალოს აღზრდილია და ვიმედოვნებ, რომ კლუბს დაეხმარება. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა და უმჯობესია ამაზე თამაშის შემდეგ ვისაუბროთ.

კარგია რომ კლუბში კარგი მეკარე გვყავს, ასევე, არიან ახლგაზრდა მეკარეებიც, რომლებსაც დრო დასჭირდებათ ასეთ თამაშებზე შესაგუებლად, ბექას მოყვანის მიზეზიც სწორედ ესაა, რომ ამ ბიჭებს დაეხმაროს.

მეტოქე შევისწავლეთ, ფეხბურთელებსაც ვესაუბრეთ ამ ყველაფერზე. ფაქტობრივად, დეტალურად არის შესწავლილი. მაგრამ, ყველაფერი თამაშის დროს გამოჩნდება. ისინი დაკომპლექტებული არიან როგორც რუმინეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებით, ისე სხვა ქვეყნების ნაკრებების წევრებითაც. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზე იქნება.

თბილისური გუნდი ვართ და რა თქმა უნდა, გვირჩევნია თბილისში თამაში. მაგრამ, გორელებს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, თამაში შორს იყო და ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო ჩამოსვლა.

პირველ თამაშში დიდი მღელვარება იყო და თამაშში შესაბამისად ვერ შევედით. სტატისტიკურად ნამდვილად ვაჯობეთ მეტოქეს, თუმცა სამწუხაროდ შედეგი ისეთი არ იყო. ამ თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა ირწმუნეს, რომ წარმატების მიღწევა შეეძლოთ და თქვენთვითონაც ნახეთ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვერ ვიტყოდი, რომ ალოგიკური იყო ეს შედეგი, რადგან მეტოქეს ნამდვილად ვაჯობეთ.

ლევან კაკუბავა:

დიდი ისტორიის გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ყოველთვის ევროსარბიელზე გამოდიან. 2-3 ეტაპს თითქმის ყოველთვის გადიან და საკმაოდ გამოცდილები არიან.

გუნდი მაღალ დონეზეა გაშიფრული. შეტევითი პოტენციალი ნამდვილად გააჩნიათ, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ. დაცვამ მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა გამოიჩინოს და მეტოქის შეტევები ღირსეულად უნდა მოიგერიოს.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრა ხვალ, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები