გია გეგუჩაძე
Aa
Aa

გეგუჩაძე: ''ვაისთან ერთად ვმუშაობდი, ახლა ჩემი ოპონენტია''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' სტუმრად ბრატისლავას ''სლოვანს'' დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ბრატისლავაში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

''ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით, ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენ ყოველთვის გამარჯვების სურვილი გვაქვს. ვფიქრობ, საბოლოო შედეგი ხვალ არ გადაწყდება, საბოლოო შედეგი ბათუმში უნდა დაფიქსირდეს.

ყველაზე კარგი შემფასებელი მინდორი და თამაშია.

ვერ გეტყვით, ხვალ იმ შემადგენლობით ვითამაშებთ თუ არა, რაც თბილისის ''დინამოსთან'' მატჩში იყო.

ეს მატჩი იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალების შეფასება სწორად შევძლოთ. ეს მატჩი ჩვენთვის ბევრი რამის მომცემია.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, ჩვენ თანამშრომლები ვიყავით. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. მაშინ მე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვწვრთნიდი.

გვიხარია, რომ ქართველი ფეხბურთელები სლოვაკური ფეხბურთის ღირსებას წარმატებით იცავენ, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი დავამტკიცოთ. ამ შემთხვევაში ეს წმინდა საფეხბურთო დაპირისპირებაა''.

 

 ''სლოვანი'' - ''დინამოს'' პირველი დაპირისპირება 6 ივლისს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს გაიმართება და ამ წყვილის გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე „ტობოლისა“ და „ფერენცვაროშის“ წყვილში საუკეთესო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები