„მისი ტრანსფერი ამ უქმეებზე გაოფიციალურდება“ – La Repubblica ხვიჩაზე წერს
გავლენიანმა იტალიურმა გაზეთმა, La Repubblica-მ თავის დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა. La Repubblica-ს მიხედვით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ამ უქმეებზე დაადასტურებს.
„ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური თავგადასავალი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მისი ტრანსფერი ოფიციალურად ამ უქმეებზე დადასტურება. ყველაფერი ფორმალობაა და ახალგაზრდა ტალანტმა იტალიაში გასამგზავრებლად თვითმფრინავის ბილეთი უკვე დაჯავშნა“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესის ცნობით, „ნაპოლიში“კვარაცხელიას დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბ „ანაუნიასთან“, ტრენტინოში შედგება. ამ ინფორმაციას Calcionapoli24 ავრცელებს. ოფიციალურ დებიუტს რაც შეეხება, „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ შეხვედრას სტუმრად „ვერონასთან“ გამართავს.
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.