ბარსელონა, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

გეგმა, რომლის მიხედვითაც ბარსელონა 600 მილიონს იშოვის

„ბარსელონა“ თანხების მოძიების პროცესშია, რათა მომავალი სეზონისთვის ახალი ფეხბურთელები დაიმატოს.

კატალონიელებს დიდი ამბიციები აქვთ, თუმცა როგორც ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, მათ 600 მილიონი ევროს მოზიდვა დასჭირდებათ, რათა თავიანთი გეგმები უპრობლემოდ განახორციელონ.

„ბლაუგრანას“ სატრანსფერო სიაში ისეთ ფეხბურთელებს ვხვდებით, როგორებიც ბერნარდუ სილვა, კალიდუ კულიბალი, სესარ ასპილიკუეტა, რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე და მარკოს ალონსო არიან.

მიუხედავად ამ სურვილებისა, „ბარსელონას“ ამ მომენტისთვის არცერთი ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. 31 ივლისამდე ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს..

კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დათანხმდა, რომ გაიყიდოს კლუბის ლიცენზიის და მერჩენდაიზინგის 49.9 პროცენტი, ხოლო ლა ლიგის მატჩების ტრანსლაციების 25 პროცენტი გარე ინვესტიციებზე გადავა. ამ ყველაფრიდან კი ბარსა სწორედ 600 მილიონი ევროს მოგებას ელოდება.

აღნიშნული თანხა კლუბს ისევ მდიდარს არ გახდის, მაგრამ ნორმალურად მუშაობის საშუალებას მისცემს. პირველ რიგში კი ბარსა 1.35 მილიარდი ევროს დავალიანებას შეამცირებს, რომელიც წინა ხელმძღვანელობამ დატოვა.

თუ ეს პრობლემა მოგვარდება, „ბლაუგრანა“ ფრენკ კესისა და ანდრეას კრისტენსენის დარეგისტრირებას შეძლებს. მიუხედავად ამ გარიგებებისა, „ბარსელონას“ საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასის შემცირება მაინც მოუწევს.

ყველაზე აქტიურად ფრენკი დე იონგის წასვლაზე იწერება. ნიდერლანდელი ნახევარმცველის გადაბირებისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ იბრძვის. პრობლემას კი თავად ფეხბურთელის პოზიცია ქმნის. ფრენკის ბარსას დატოვება არ უნდა. მაისის ბოლოს, მან განაცხადა, რომ ურჩევნია დარჩეს იქ, სადაც ახლა არის, თუმცა შესაძლოა ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე „ბარსელონამ“ მასზე ზეწოლა მოახდინოს და გუნდიდან წასვლა აიძულოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები