"ფედერაციის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით" - შევარდენი 1906-ის განცხადება
საფეხბურთო კლუბ “შევარდენი 1906”-ის განცხადება
საფეხბურთო კლუბი “შევარდენი 1906” კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების კომიტეტის გადაწყვეტილებას, გუნდისა და მისი ფეხბურთელების სანქცირებასა და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ამიტომ გამოიყენებს თავის უფლებას, დაიცვას კლუბისა და მოთამაშეების სამართლებრივი ინტერესები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, უეფასგან მოსული ანგარიში (რაპორტი) არ იძლევა გუნდის ან მოთამაშეების დისკვალიფიცირების უფლებას. 126-ე მუხლის ამ ნაწილს მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათი აქვს და ჩვენთვის გაუგებარია, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის უაპელაციო გადაწყვეტილება, გუნდის გათამაშებიდან მოხსნის, დაბალ ლიგაში დაქვეითებისა და ფეხბურთელებისთვის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე.
ტრადიციული და უძველესი საფეხბურთო კლუბი “შევარდენი 1906” იბრძოლებს ყველა ინსტანციაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესაცვლელად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე ზუგდიდის „დინამო“ და „შევარდენი 1906“ გათამაშებიდან მოიხსნენ. მიზეზი გარიგებულ თამაშში მონაწილეობაა.