ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა!
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" აუქციონზე 16 ივნისს 15: 00 საათზე გაიყიდა. კლუბი 100%-იანი წილით 300 000 ლარად შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე" გასხვისდა.
"ტორპედოთი" მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა.
კლუბის საწყისის ფასი 295 000 ლარი იყო. ქუთაისის მერიამ საფეხბუთო კლუბი აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში მისი ფასი 585 413 ლარი იყო, თუმცა, მისი შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.
იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს "ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორმა კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღოს, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოიზიდოს.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი უკვე დაწყებულია, ინვესტორი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრამდე, ასევე პირდაპირი ინვესტირების გზით, კლუბი სრული კალენდარული წლის ვალდებულებით, 500 000 ლარით დააფინანსოს.
შემსყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა–აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება წელიწადში 100–200 ბავშვზე.
ინვესტორმა, ფონდის მონაწილეობით ასევე უნდა დააფინანსოს კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ფეხბურთელების შეძენის, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხარჯები.
ქუთაისის მერია კლუბს 100%–იანი წილით ყიდის, გარდა საწესდებო კაპიტალისა და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული ნაკვეთისა.
აუქციონი მიმდინარე წლის 11 მაისს გამოცხადდა და 26 მაისს დასრულდება.
ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის "ტორპედოს" აუცქიონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.
ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ კლუბის გასხვისება ტექნიკური დეტალების გამო ფერხდებოდა.
წყარო: kutaisipost.ge