„მორიგი ლამაზი გოლი ხანმოკლე ქართული კარიერიდან“ - იტალიური პრესა კვარაზე
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც გორელთა მცველი ჯერ ეფექტური მოძრაობით ჩამოიცილა, შემდეგ კი მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა.
საქართველოს ჩემპიონატში 21 წლის ფეხბურთელის მორიგ გოლს იტალიური სააგენტო Ilmattino.it-ი გამოეხმაურა.
რა წერია სტატიაში:
„კიდევ ერთი ლამაზი გოლი მისი ხანმოკლე ქართული კარიერიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბათუმის დინამოსთვის. ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდს „დილასთან“ 3:0-სკენ წაუძღვა. ახლა ბათუმის „დინამო“ უშუალო კონკურენტს, თბილისის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს.
ქართველი გარემარბი თავის გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში ბოლომდე ვერ დაეხმარება. საქართველოს ჩემპიონატი 3 დეკემბერს სრულდება, ივლისის დასაწყისში კი კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ლურჯებში მისი თავგადასავალი დაიწყება“.
კვარაცხელიას გოლი გორის დილასთან
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა. 21 წლის ფეხბურთელმა Crystalbet ეროვნულ ლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.