ჯანო ანანიძე
Aa
Aa

''ქომაგს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა'' - ანანიძემ კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ კარიერა დაასრულა. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა ბათუმის ''დინამომ'' ოფიციალურად დაადასტურა.

''პირველ რიგში გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ. სამწუხაროდ ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს''.

ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო.

ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. სხვადასხვა დროს ანანიძე მოსკოვის ''სპარტაკში'' (12 წელი), ''როსტოვში,'' ''კრილია სოვეტოვსა'' და ''ანორთოსისში'' თამაშობდა, შემდეგ იყო თბილისის ''დინამო'' და ბათუმის ''დინამო,'' რომლის რიგებშიც ამ დრომდე ასპარეზობს. მისთვის  ყველაზე წარმატებული 2 სეზონი იყო - 2013/14 და 2016/17 : 2013/14 წლებში ქართველი შემტევი  როსტოვში ასპარეზობდა, სადაც ტრავმის მიღებამდე 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2016/17 წლებში, ჯანომ სეზონში 22 შეხვედრა მიითვალა, 4 გოლი გაიტანა და ტრავმის მიუხედავად, რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები