ფეხბურთელი, რომელმაც ოსკარი მოიგო - ნილ პატერსონის უნიკალური ისტორია
ჩვეულებრივ, ყოფილი ფეხბურთელების კამერასთან მუშაობა ძირითადად სარეკლამო რგოლებით შემოიფარგლება. ასევე მათ სარეკლამო ბილბორდებისთვისაც იყენებენ. ამის ფონზე, შოტლანდიელი ყოფილი თავდამსხმელის ნილ პატერსონის ისტორია უნიკალურია. მან მსოფლიო აღიარება ოსკაროსანი ფილმის სცენარის დაწერით მიიღო.
ნილ პატერსონი „დანდი იუნაიტედში“ მხოლოდ ერთი წელი თამაშობდა, თუმცა ის დღესაც ახსოვთ. ფილმებს, “The Way Up” და “The Way to High Society” რუსულ საიტ „კინოპოისკზე“ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვთ. პატერსონისთვის ეს კარიერის მწვერვალი იყო.

ნილის ცხოვრება მუდმივი ძიებისგან შედგებოდა. თავიდან ედინბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და იურისტობაზე ოცნებობდა. სწავლის პერიოდში ნილი ადგილობრივ საფეხბურთ გუნდში წაიყვანეს. იმ დროს, შოტლანდიაში სამოყვარულო კლუბები ახალგაზრდა შოტლანდიელს გამუდმებით აკვირდებოდნენ.
1930 წელს პატერსონი „ბაკი თისტლში“ თამაშობდა. აღნიშნული კლუბი რეგიონალურ ლიგას ეკუთვნოდა. ამის შემდეგ „ლეიტ ატლეტიკში“ გადაბარგდა, ხოლო 1936 წელს „დანდი იუნაიტედში“ ჩაირიცხა. იმ დროს, ნილი 22 წლის იყო და გამოუცდელობის მიუხედავად, ის სულ მალე გუნდის კაპიტნად დაინიშნა.
1936/37 წლების სეზონში „დანდი“ შოტლანდიის მეორე ლიგის ბინადარი იყო. პატერსონმა ჯამში 9 გოლი გაიტანა. ერთ-ერთ თამაშში კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ნილს „დანდისთან“ პროფესიონალური კონტრაქტი არ აკავშირებდა. ის თვლიდა, რომ ზედმეტი ვალდებულებები არ უნდა აეღო. ხელმძღვანელობამ ეს მიდგომა არ მიიღო და პატერსონი გუნდიდან გაუშვა. სწორედ აქ დამთავრდა თავდამსხმელის კარიერა. პატერსონი ჯერ კიდევ ახსოვთ „დანდი იუნაიტედის“ გულშემატკივრებს, როგორც ბოლო მოყვარული კაპიტანი გუნდის ისტორიაში.
ფეხბურთის შემდეგ, ნილი საზღვაო ძალებში მსახურობდა და საჰაერო თავდასხმის დროს კინაღამ დაიღუპა. 1941 წლის ზაფხულში, გემს, რომელზეც ნილი იმყოფებოდა, გერმანულმა თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა და ძალიან დიდი ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ „დანდის“ ყოფილი თავდამსხმელი გადარჩა.
პატერსონი ჟურნალისტიკამ და მწერლობამ გაიტაცა. ომის შემდეგ, მან რომანი „მფრინავის შესახებ“ დაწერა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "China Run" გახლავთ, რომელიც 1946 წელს The New York Times-მა წლის წიგნად დაასახელა. 1953 წელს კი ფილმი „გამტაცებლები“ გამოვიდა.

პატერსონის წარმატება ჰოლივუდამდეც მივიდა. მწერალმა ჯონ ბრეინმა გამოაქვეყნა რომანი The Way Up, რომელიც ომიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მფრინავზე მოგვითხრობს. მისი ოჯახი გარდაიცვალა, მაგრამ ის შეხვდა გოგონას მდიდარი ოჯახიდან და მისი დახმარებით ბრიტანული საზოგადოების უმაღლეს წრეებში მოხვედრა სურდა. ამერიკელმა პროდიუსერებმა ამ ისტორიაზე თითქმის მაშინვე გადაწყვიტეს ფილმის გადაღება.
სცენარის ადაპტაცია ნილს დაევალა. „დანდის“ ყოფილმა კაპიტანმა და მისმა თანაშემწეებმა საკმაოდ სწრაფად იმუშავეს და ფილმი 1959 წელს გამოვიდა. ფილმი The Way Up ოსკარზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი. პატერსონმა ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო. კონკურენციას მას ისეთი ფილმი უწევდა, როგორიც „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ არის.
არავინ იცის რატომ, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე პატერსონი არ გამოცხადდა. ჯილდო ფილმის რეჟისორს ჯეკ კლეიტონს გადაეცა. ამ წარმატებამ ნილზე უარყოფითად არ იმოქმედა და კვლავ თავმდაბალ ადამიანად დარჩა. მას ამერიკაში შესთავაზეს სამსახური, თუმცა შოტლანდიაში დარჩა. თანამშრომლობდა ჰოლივუდის პროდიუსერებთან და ოფიციალურად ბრიტანეთის კინოს უნივერსიტეტში მუშაობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პატერსონს თავის სიცოცხლეში მნიშვნელოვანი ჯილდო აღარ მიუღია.
1995 წელს, ნილ პატერსონი გარდაიცვალა და სიმბოლურია, რომ ზუსტად ამავე წელს მისი ყოფილი კლუბი „დანდი იუნაიტედი“ შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა.