Netflix-ის წინააღმდეგ გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო 24 იანვარს გაიმართება
Aa
Aa

Netflix-ის წინააღმდეგ გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო 24 იანვარს გაიმართება

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის (ლაზიერის გამბიტი) ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

საჩივარში აღნიშნულია:

ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ, აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.  Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია. 

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება (საქართველოს დროით 25 იანვარს, 02:00 საათზე).

საქმეს კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე - ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს. ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.

თავის მხრივ, The Queen’s Gambit-მა 62 მილიონი ნახვით Netflix-ის ყველაზე ნახვადი მინისერიალის წოდება დაიმსახურა. სერიალში მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის, როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რომელიც ობოლი გოგონას როლს განასახიერებს, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭადრაკის სტატუსს მოიპოვებს.

სერიალის დამსახურებით, Google-ს საძიებო სისტემაში ჭადრაკი 2-ჯერ უფრო ხშირად იძებნება, ამის გარდა, სტატისტიკის მიხედვით, chess.com-ზე ჭადრაკით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მოვსარ, შენი ჯერია
,,მოვსარ, შენი ჯერია" - ნურმაგომედოვი თოფურიას გაუქმებულ ბრძოლას გამოეხმაურა