Aa
Aa

"ვფიქრობ ეს აუცილებელია" - კლოპი მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. „მილანი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „როსონერის“ ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ამაზე ქვემოთ მოგახსენეთ. მატჩის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა კომენტარი გააკეთა.

კლოპი:

„ბოლო პერიოდში ბევრი თამაში გვქონდა. როტაციას უნდა მივმართოთ, ეს ნათელია. ვფიქრობ, ეს აუცილებელიც არის.. ახლა დასვენებული ფეხები გვჭირდება უმაღლესი დონით. ზუსტად ეს იდეა გვაქვს. ასეთი დონის მატჩებში მხოლოდ საუკეთესო შემადგენლობით გაიმარჯვებ.

მე კმაყოფილი ვარ იმ რესურსით, რაც გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. ფეხბურთელებმა ერთმანეთის როლები იციან და ჩვენი დღევანდელი ფეხბურთი გაცილებით მკაფიო და ნათელია, ვიდრე წარსულში. ბიჭებს ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ, კარგი შემადგენლობა გვყავს და ეს ყველაფერი ძლიერს გვხდის.“

მილანი VS ლივერპული

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ჩემპიონთა ლიგის ტურში, „ენფილდზე“ მასპინძლები მე-9 წუთზე ფიკაიო ტომორის ავტოგოლით დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე სალაჰმა პენალტი ვერ გამოიყენა. შექმნილი სიტუაციით „როსონერიმ“ ისარგებლა და ტაიმის მიწურულს ორი გოლი გაიტანა. თავი რებიჩმა და ლეაომ გამოიჩინეს.

„ლივერპულის“ გეგმებში წაგება არ შედიოდა და მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა. 49-ე წუთზე სალაჰმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 69-ე წუთზე ჰენდერსონმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

რა შემთხვევაში გავა „მილანი“ ჯგუფიდან“?

ჯგუფში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: 15 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია“, მეორე პოზიციაზე 5 ქულით „პორტუ“ გახლავთ. მესამე ადგილზე სტეფანო პიოლის გუნდია 4 ქულით. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ატლეტიკოსაც.“

იმ შემთხვევაში, თუ „პორტუ“ „ატლეტიკოს“ ვერ მოუგებს და „მილანი“ „ლივერპულს“ დაამარცხებს, ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან სწორედ „როსონერი“ გავა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 7 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები