გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე
Aa
Aa

გიორგი გოჩოლეიშვილი: ,,საქართველოს ნაკრების ფორმით საუკეთესო მატჩი ჩავატარე"

რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს, ბათუმში, უმასპინძლა და ანგარიშით -  3-2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან სამივე გოლი საბურთალოს ფეხბურთელების ანგარიშზეა: გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა (რომელმაც გულიაშვილს გაატანინა) ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.

რაც შეეხება სტუმრებს, ინგლისელებმა გოლები მატჩის მიწურულს გაიტანეს: 81-ე წუთზე კლინტონ მოლამ (შტუტგარტი) ანგარიში შეამცირა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი მარკ გეიმ (კრისტალ პალასი) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-2.

CrystalSport-ი საგოლე გადაცემისა და გოლის ავტორს, გიორგი გოჩოლეიშვილს დაუკავშირდა და ემოციებზე ჰკითხა:

მზადების პროცესს რაც შეეხება, ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ბიჭებმა ვიცოდით, როგორი შეხვედრა გველოდა და ამ მატჩისთვის ძალიან მოტივირებულები ვიყავით. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურმა მზაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

პირველი ტაიმის შემდეგ, როცა შეხვედრას ვიგებდით, გასახდელში ეიფორია არ ყოფილა. პირიქით, შემართებით ვიყავით და გვინდოდა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. აი, მატჩის ბოლოს კი მთავარი მწვრთნელისგან საქებარი სიტყვები მივიღეთ, რადგან ასეთი დონის ნაკრებთან გამარჯვება მარტივი არ არის.

რაც შეეხება გოლის ემოციას, ამის გადმოცემა რთულია, რადგან ენით აღუწერელი სიხარულია. ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საუკეთესო მატჩია, რომელიც საქართველოს ნაკრების ფორმით ჩამიტარებია.

ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები, ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდნენ:

შემიძლია გითხრათ, რომ ინგლისელებისგან ქედმაღლური დამოკიდებულება არ გვიგვრძნია, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ, ვიბრძოლეთ და დაგვიფასდა.

განვლილ 4 მატჩში 1 მატჩი (ზემოხსენებული) საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 2 შეხვედრაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსის ვალიზე გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, ფრედ, ანგარიშით - 0-0 დასრულდა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

აღნიშნული მზადება 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო იქნება - 2023 წლის 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება, საქართველოსა და რუმინეთში:

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოლოდინია. რა თქმა უნდა,  განვაგრძობთ მზადებას იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება, მათ შორის: ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

16 ევროპული ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება.

თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა