Aa Aa
15 ოქტომბერი 2021  |  12:05

''კვეკვესკირი არაორდინალური მოქმედებებით ქომაგს აღაფრთოვანებს''

გთავაზობთ ინტერვიუს პოლონური ექსტრაკლასას ექს-ფორვარდთან, გიორგი ალავერდაშვილთან, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი ლიეტუვის ჩემპიონატში გაატარა (2012-14), მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი საფეხბურთო აგენტი გახდა, პარტნიორებთან ერთად მის მიერ განხორციელებული პირველი ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოვიდა, ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ''ლეხს'' ძალიან კარგად მოერგო, ექსტრაკლასას ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა და გასული სეზონის მიწურულს მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა. გასულ ზაფხულში გიორგი ალავერდაშვილისა და მისი პარტნიორების მიერ კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, ოთარ კაკაბაძემ ექსტრაკლასას ''კრაკოვიასთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინტერვიუ გიორგი ალავერდაშვილთან

საფეხბურთო აგენტის კარიერის საწყისი ეტაპი

‘‘წარმატებული აგენტი რომ გახდე, ყველაზე მთავარია კონტაქტები. შესაძლოა, ძალიან ქარიზმატული პიროვნება ხარ ან ბევრი ენა იცი, მაგრამ თუ კონტაქტები არ გაქვს, შენს უნარებს ვერ გამოიყენებ. ბევრ ქვეყანაში ვთამაშობდი, მაგრამ საქმიანობა პოლონეთში დავიწყე. როცა პოლონეთში ვთამაშობდი, იაკუბ ვრობინსკი ჩემი აგენტი იყო. მასთან დავმეგობრდი და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მისი პროექტის, სააგენტო Footballgoal-ის მუშაობაში ჩავრთულიყავი. ჩემთან და იაკუბთან ერთად სააგენტოსთვის პოლონეთის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი არტურ ვიხრიანეკი მუშაობს. ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის''.

არტურ ვიხრიანეკი 1999-2010 წლებში გერმანიაში თამაშობდა, ''არმინიასა'' და ბერლინის ''ჰერტას'' რიგებში ბუნდესლიგაში საერთო ჯამში 2015 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი შეაგდო.

''პოლონეთში უმაღლესი ლიგიდან მესამე ლიგამდე გუნდების უმრავლესობასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს დამყარებული. შესაბამისად, ხელი მიგვიწვდება იმაზე, რომ თუ გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც გუნდის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გუნდს სურს ასეთი მოთამაშე, ჩვენ დავეხმარებით. ხუთ ენაზე ვსაუბრობ, ბევრ ქვეყანაში მითამაშია, დიდი სამეგობრო წრე მყავს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა გუნდებში წამყვან პოზიციებზეა. კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია იმასთან ერთად, რომ კარგი პიროვნება და კარგი ადამიანი იყო. კონტაქტებს ხომ ნდობა განსაზღვრავს. კონტაქტები ყველაზე მთავარია.

ჩემთვის ნიკა კვეკვესკირის ტრანსფერი პირველი იყო. ახლა ვიწყებთ, ეს საწყისი ეტაპია. ჩემთვის მთავარი არაა, რომ ბევრი ფეხბურთელი გავყიდო, ჩემთვის მთავარი ხარისხია, რომ ძლიერ ფეხბურთელებთან ვითანამშრომლო და კარიერულ წინსვლაში დავეხმარო. პოლონეთის ექსტრაკლასას გარდა გერმანიის ბუნდესლიგის, მეორე ბუნდესლიგისა და მესამე ლიგის გუნდებთან მჭიდრო კავშირები გვაქვს, თუმცა ფეხბურთელი ბუნდესლიგაში რომ მოაწყო, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყოს. ბუნდესლიგიდან ჩვენს სააგენტოსთან აუგსბურგის მეკარე რაფალ გიკიევიჩი თანამშრომლობს’’.

მიმდინარე წლის იანვარში კვეკვესკირი პოზნანის ''ლეხში'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ექსტრაკლასაში საუკეთესო თვისებები გამოავლინა და აპრილის მიწურულს მხარეებს შორის ახალი ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ''კვეკვე'' პოზნანური გუნდის ღირსებას 2023 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

კვეკვესკირისა და კაკაბაძის ტრანსფერებზე

‘‘კვეკვესკირი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ''ლეხში'' გადასვლისას მთავარი მწვრთნელი არ ათამაშებდა, თუმცა შემდეგ მწვრთნელი წავიდა, გუნდში მაცეი სკორჟა მოვიდა და ნიკასთან მიმართებით ყველაფერი შეიცვალა. პირველად სასტარტოში ‘’ლეგიასთან’’ ათამაშა, მატჩის შემდეგ სოციალურ მედიაში კომენტარების უმეტესობა ნიკასთან დაკავშირებით იყო. მას მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, უცბად დააყენეს და მაგრად ითამაშა.

მოდი ასე ვიტყვი, პოლონეთის ჩემპიონატისთვის ნიკა განსხვავებული ფეხბურთელია, რადგან არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. შეუძლია ისეთი მოძრაობა გააკეთოს ან ისეთი გადაცემა შეასრულოს, რომელიც ქომაგს აღაფრთოვანებს.

არ მინდა გამომრჩეს ჩემი მეგობარი ნიკოლოზ აფაქიძე, რომელიც კვეკვესკირისა და კაკაბაძის ტრანსფერებთან დაკავშირებით ძალიან დაგვეხმარა.

იმდენ გუნდში მითამაშია, იმდენ სინჯებზე ვყოფილვარ და იმდენად მეზიზღება ეს პროცესი, რომ არ მინდა ფეხბურთელი რომელიმე კლუბში წავიდეს და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, წინასწარ ყველაფერი შეთანხმებული უნდა იყოს, როგორც კვეკვესკირისა და კაკაბაძის შემთხვევაში იყო, მათ გამოუგზავნეს ე.წ. წინასწარი კონტრაქტი, შემდეგ პოლონეთში ჩავიდნენ, სამედიცინო შემოწმება გაიარეს და კონტრაქტს ხელი მოაწერეს. სწორედ ესაა აგენტის საქმე, შემდეგ კი ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ნიუ-იორკში ვცხოვრობ და პანდემიიდან გამომდინარე კვეკვესკირისა და კაკაბაძის ტრანსფერებისას პოლონეთში ვერ ჩავედი. ამიტომ ჩემმა პარტნიორმა იაკუბ ვრობინსკიმ ყველაფერი ადგილზე გააკეთა''.

გასულ ზაფხულში, ''ხიმნასტიკისა'' და ''ტენერიფეს'' ექს-მცველმა ოთარ კაკაბაძემ პოლონურ ''კრაკოვიასთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე და იაკუბ ვრობინსკი

''თავიდან როგორც ნიკას, ასევე ოთოს შემთხვევაში ყველაფერი ცუდად დაიწყო, მათ არ ათამაშებდნენ. ცხადია, უკმაყოფილოები ვიყავით. ზოგადად, ნებისმიერ ფეხბურთელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის უნდა გრძნობდეს, რომ მას ენდობი. თუ შენ მას არ ენდობი, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერც ერთ გუნდში ვერ ითამაშებს როცა ასეთი ძლიერი ფეხბურთელი ხარ, როცა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ხარ და სათადარიგოთა სკამზე ზიხარ, ბედნიერი ვერ იქნები, ეს გამორიცხულია.

ოთო კაკაბაძე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მას ნებისმიერ გუნდში და ნებისმიერ მეტოქესთან უმაღლესი დონის თამაში შეუძლია. თუ თამაში ''წაუვიდა'', საოცრად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ''კრაკოვიას'' ძალიან დაეხმარება.

მე და იაკუბი ვარჩევთ ისეთ კანდიდატურებს, რომლებიც შეესაბამებიან იმ დონეს, რასაც გუნდი ითხოვს, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. შესაძლოა, იცოდე, რომ მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ სპორტული დირექტორი სხვაგვარად ფიქრობდეს. ამიტომ მარტივი საქმე არაა''.

''18-წლამდე ფეხბურთელების წაყვანაზე მიფიქრია. ჩვენ ვაკვირდებით ყველა ფეხბურთელს პოლონეთში, აშშ-ში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. კონტრაქტს ხელს მშობელი აწერს და ასეთ შემთხვევაში კლუბმა ფეხბურთელის მშობელი უნდა დაასაქმოს, სათანადო პირობები შეუქმნას. ამ ტიპის ტრანსფერი არ არის მარტივად გასაკეთებელი. ზოგადად, თუ რაიმეს ხელს ვკიდებ, ეს ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ ტრანსფერის განხორციელებაში ან საქმეს ხელს არ ვკიდებ’’.

ჯემალ ჩიმაკაძის შესახებ

‘‘ჯემალ ჩიმაკაძეს ძალიან მაგარი თვალი ჰქონდა, მას შეეძლო დაენახა ფეხბურთელი. ალბათ, დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა მან პირველად ნახა ჩემი თამაში, სულ 5 წუთი მათამაშეს, მგონი ბურთს არც შევხებივარ, თუმცა ფაქტია, ამ მატჩში შემამჩნია და რამდენიმე თვეში ‘‘ლოკომოტივის’’ პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე წამიყვანა. საქართველოში დაბრუნებისას ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ჯემალი მატარებელში გარდაიცვალა, ეს იყო შოკი.

მაშინ 17 წლის ვიყავი, ჯემალს დიდი როლი აქვს ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. იმ მოკლე ხანში, რაც მე მას ვიცნობდი, ის სიყვარული, ის თანადგომა, რაც მან ჩემს მიმართ გამოხატა, ეს დაუვიწყარია, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. რომ არა ჯემალი, ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნოდარ აკობიას, რომელმაც პირველ გუნდში თამაშის შანსი მომცა და დიდი წვლილი შეიტანა ჩემს საფეხბურთო განივითარებაში''.

პოლონური ფეხბურთის განვითარების ფაქტორები

‘‘პოლონეთს ძალიან ბევრი ტალანტი ჰყავს. უპირველესი ფაქტორია ნიჭი და შემდეგ მენტალიტეტი, ყველაფერს აკეთებენ, რომ წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ, ევროპული მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლომდე იხარჯებიან და მიზნისკენ ისწრაფიან. პლუს ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც დიდი, ასევე პატარა გუნდებისთვისაა შექმნილი. ასევე, დიდ ყურადღებას უთმობენ საფეხბურთო აკადემიებს.

ყოველ წელს დაახლოებით ათამდე ფეხბურთელს ინგლისში, გერმანიასა და სხვა ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატებში ყიდიან, რაც მრავლისმეტყველი ფაქტია. მაგალითად, გასულ წელს პოზნანის ლეხმა იაკუბ მოდერი პრემიერ ლიგის ბრაიტონში გაყიდა''.

2020 წელს იაკუბ მოდერი პოზნანის ''ლეხიდან'' პრემიერ ლიგის ''ბრაიტონში'' 6 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადაბარგდა

მრავალფეროვანი საფეხბურთო კარიერა

‘‘ბევრ ქვეყანაში ვითამაშე, ყველგან რაღაც ვისწავლე, ყველგან რაღაც ახალი აღმოვაჩინე და ყველგან შევიძინე მეგობრები. კარიერის საუკეთესო პერიოდი ლიეტუვაში ასპარეზობას უკავშირდება, როცა 45 გოლი შევაგდე''.

2012-14 წლებში გიორგი ალავერდაშვილმა ლიეტუვის უმაღლეს ლიგაში 41 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. ბალტიისპირულ ჩემპიონატში ''ბანგას'', ''კრუოხას'', ''შიაულიაისა'' და ''გრანიტას კლაიპედას'' ღირსებას იცავდა (2012-14). 

კარიერის დასკვნითი პერიოდი ჩეხურ კლუბებში, ''ტაბორსკოსა'' და ''პროსტეიოვში'' გაატარა. (2016-17).

''ლიეტუვადან რუმინეთში წავედი, კონტრაქტი ''პანდურისთან'' გავაფორმე, რომელიც მეორე ადგილზე იყო, თუმცა მწვრთნელი შეიცვალა, მან ჩემი განათხოვრება გადაწყვიტა, რაზეც უარი ვთქვი. ამის შემდეგ ‘‘გაზ მეთანში’’ გადავედი, თუმცა დოკუმენტები არ მქონდა და პრობლემები შემექმნა. მოკლედ, კარიერა ამერია. თითქოს გგონია, რომ ყველაფერი მაგრად მიდის, თუმცა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ფიქრობ, რომ 45 გოლი გავიტანე, გირეკავენ, სხვადასხვა ვარიანტებს გთავაზობენ, ამასობაში კი 1 წელი გადის და აღმოაჩენ, რომ არავის სჭირდები, არავის აინტერესებს შენ როდის რამდენი გოლი გაგქონდა. ლიეტუვის გარდა ასევე კარგი პერიოდები მქონდა თბილისის ლოკომოტივსა და პოლონეთის ექსტრაკლასაში’’.

გიორგი ალავერდაშვილი პოლონურ ''ზავიშაში'' გადასვლისას, 2015 წელი

კვების პრობლემა საქართველოში

‘‘ძალიან იშვიათად თუ წავაწყდები, როცა ვინმე კვების საკითხზე საუბრობს. კვება არ ნიშნავს, რომ ჩაშუშული და ჩიხირთმა ჭამო. ვგულისხმობ, სწორ კვებას, როგორი რაციონი აქვს ფეხბურთელს. თუ ბევრ შაქარსა და ცხიმს იღებ, წვენს ხშირად სვამ, ეს სწორი კვება არაა. ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ბავშვობაში რას ვჭამდი, წვენებს ვსვამდი, შოკოლადებს მივირთმევდი, ამას არ ვუკვირდებოდი.

ალბათ მკითხველი იტყვის კვების საკითხი რომ გამოსწორდეს, მაშინ შესაბამისი ფინანსური შემოსავალი უნდა მქონდესო, მაშინ კარგი ხელფასი და კარგი სამსახურია საჭიროო, კარგ ქვეყანაში უნდა ვცხოვრობდეო. მესმის, რომ ძალიან კომპლექსური საკითხია მაგრამ მე კვების პრობლემაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი გვეყოლება, მაგრამ მე დიდ ყურადღებას კვებაზე გავამახვილებდი. მაგალითად, ჩემი ფეხბურთელობისას ძალიან პოპულარული იყო სპაგეტი ყველით, მაგრამ ეს არ შეიძლება, ძალიან ბევრ ცხიმს შეიცავს.

ვიცი რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, გუნდები ხელოვნურ საფარზე აღარ თამაშობენ, ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი მიმდინარეობს და ა.შ. ჩვენ ყველაფერი სწრაფად გვინდა, ჯერ ხომ უნდა დათესო, რომ მცენარე ამოვიდეს? ხე ერთ კვირაში არ ამოდის. ეს გრძელვადიანი პროცესია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage