Aa Aa
23 სექტემბერი 2021  |  23:49

ერთწლიანი პაუზის შემდეგ: ჩაკვეტაძემ გენტის სასტარტოში ითამაშა

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ''ანდერლეხტმა'' საკუთარ კედლებში ''გენტი'' მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 39-ე წუთზე ალესიო კასტრო-მონტესმა ''გენტი'' დააწინაურა, თუმცა 59-ე წუთზე ლიორ რაფაელოვმა პენალტის ნიშნულიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''გენტის'' სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა, რაც 2020 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. მას გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორე ტაიმში ერთვებოდა ხოლმე თამაშში და ჰაინ ვანჰაზებრუკმა პირველად სასტარტო თერთმეტეულში ''ანდერლეხტთან'' ათამაშა.

22 წლის ქართველი შემტევი 66-ე წუთზე შეცვალეს, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ''გენტის'' რიგებში 7 მატჩი ჩაატარა (ბელგიის ჩემპიონატი - 4 შეხვედრა, კონფერენს ლიგა - 3 შეხვედრა). მას სათამაშო დროს ეტაპობრივად უზრდიან, რაც ფორმაში შესვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ ეტაპზე ჩაკვეტაძე სასურველი ფორმისგან შორსაა, თუმცა მუდმივი პრაქტიკა ფორმის დაბრუნების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ თემაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა 10 სექტემბერს გადაცემა ''ტაიმაუტში'' ისაუბრა.

''საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში იყოს. ისიც ფაქტია, რომ საკლუბო დონეზე ბოლო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში გასული წლის სექტემბერში ითამაშა. იმედი მაქვს კლუბში მისი სათამაშო დრო გაიზრდება, რაც ერთადერთი გამოსავალია ფორმაში სწრაფად შესასვლელად, რადგან ეს ფეხბურთელი ჩვენ ძალიან გვჭირდება''.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage