Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  16:15

მაკარიძე მამარდაშვილზე: ''თავში არ აუვარდება, ძალიან ბევრს მიაღწევს''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური ''ალმერიას'' ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ CrystalSport-თან გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით უმაღლეს დონეზე სადებიუტო სეზონიდან გამომდინარე, 20 წლის ქართველი მეკარე ''ვალენსიაში'' კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა, ლა ლიგაში დამკვიდრების პროცესს შეცდომები ახლდეს, რაც ძალიან ბუნებრივია და ამასთან დაკავშირებით მაკარიძეს მანუელ ნოიერის მაგალითი მოჰყავს.

‘‘გიორგი მამარდაშვილი ძალიან მაგარი მეკარეა, დიდი მომავალი აქვს. ისეთი პიროვნებაა, რომ თავში არ აუვარდება და  შრომით ძალიან ბევრ მიაღწევს. ლა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ვფიქრობ, ნორმალურად ასპარეზობს. ზოგადად როცა მაღალ დონეზე პირველ სეზონს ატარებ და ახალ გამოცდილებას იღებ, შესაძლოა შეცდომები დაუშვა, თუმცა ეს ბუნებრივია.

მახსოვს, როცა კობიაშვილისა და ყენიას გამო ''შალკეს'' თამაშებს ვუყურებდი, ნოიერი ყოველ სეზონში 5 გოლს საკუთარი შეცდომის გამო უშვებდა. გიორგის სათადარიგოთა სკამზე იასპერ სილესენი ჰყავს, რომელიც კლუბმა 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ის ჩასაფრებულია და თავის შანსს ელოდება. ეს ხომ ძალიან რთულია ''მამარდასთვის.''

პირადად მე ყველაზე მეტ შეცდომას გამოსვლაზე ვუშვებდი, ტრაექტორიის გათვლა ძალიან რთულია. რაც უფრო ხშირად გადიხარ გამოსვლაზე, შეცდომის დაშვების შანსი მეტია. მაგალითად, კეილორ ნავასი გამოსვლაზე არასდროს თამაშობს და ცხადია შეცდომასაც არ დაუშვებს’’.

''სამეფო კლუბთან'' დაპირისპირება მამარდაშვილისთვის ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი იყო, ''ვალენსია'' ''მესტალიაზე'' კარლო ანჩელოტის მადრიდის ''რეალთან'' 1:2 დამარცხდა. ხოსე ბორდალასის გუნდმა უგო დუროს გოლით 66-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა 86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ ბენზემამ მამარდაშვილის კარში გამარჯვების გოლი შეაგდო (1:2).

''ვალენსიას'' ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. გადაცემა Tiempo de Juego-ში სტუმრობისას კანისარესმა აღნიშნა, რომ ვინისიუსის ჩაწოდება ბრწყინვალე იყო და მეკარე ბურთის მოგერიებას ვერ შეძლებდა. მისი აზრით მამარდაშვილი კარიდან რომ არ გამოსულიყო, 95 პროცენტით გოლი მაინც გავიდოდა.

''ბენზემას გოლი მამარდაშვილის ბრალი არ იყო, მას შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსის ჩაწოდებამ არეულობა გამოიწვია მცველებსა და მეკარეს შორის. მეკარე კარიდან რომ არ გამოსულიყო, 95 პროცენტით გოლი მაინც გავიდოდა''.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში