ლევან კობიაშვილი: „ხვიჩა პატარა ბავშვი აღარ არის, თავად იცის უკეთესი რა არის
Aa
Aa

ლევან კობიაშვილი: „ხვიჩა პატარა ბავშვი აღარ არის, თავად იცის უკეთესი რა არის"

რამდენიმე კვირის წინ რუბინმა განაცხადიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი ამოიღო. ეს ინფორმაცია კლუბმა თავად გაავრცელა და დაწერა, რომ მიზეზი მცირე ტრავმაა, ხოლო ხვიჩას სიაში არ ყოფნა - დროებითია. აღნიშნულმა განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ქართული და რუსული მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას განაცხადიდან ამოღების მიზეზი შესაძლოა, ნამდვილად ყოფილიყო ტრანსფერი, რომელზეც ბოლო თვეების მანძილზე იწერებოდა - ხვიჩას სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირდა, მათ შორის ყველაზე აქტიურად - ჯერ მილანს, ხოლო შემდეგ - ტოტენეჰემს, თუმცა საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა.

ვილი სანიოლის განმარტებით, მან სექტემბრის სანაკრებო განაცხადში ხვიჩა იმ იმედით შეიყვანა, რომ მატჩებისთვის მზად იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და ჩვენმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ჩაატარა.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა საინტერესო საკითხის გარდა, საუბარი ხვიჩას ტრანსფერსაც შეეხო:

ხვიჩას სატრანსფერო ამბებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი ვიცი.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარია ჯანმრთელი იყოს და სანაკრებო შეკრებებზე გამოცხადდეს, რადგან გვჭირდება. ეს მხოლოდ ხვიჩას არ ეხება, ეხება ნაკრების ყველა წევრს.

ხვიჩა პატარა ბავშვი აღარ არის, თავად უკეთესად იცის მისთვის უკეთესი რა არის. მე თუ მეკითხებით, პირადად მეც ვისურვებდი ტოპ კლუბში რომ იყოს.

2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი კი 8-ს შეადგენს.

მიმდინარე სეზონის რუსეთის ჩემპიონატის საწყის 7 ტურში კვარაცხელიას ანგარიშზე, ჯერ-ჯერობით, 1 გოლია. მან ტრავმამდე სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო მეოთხე მატჩში ცვლილებაზე შემოვიდა - რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ განმარტა, რომ ხვიჩას მიმართ მოედანზე ხშირად უხეშობენ, ამის გარდა ასეთი რეჟიმის დროს დატვირთვა დიდია.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები