„ბევრი ვიმუშავეთ გულშემატკივარი კოსოვოს წინააღმდეგ მატჩს რომ დასწრებოდა
Aa
Aa

„ბევრი ვიმუშავეთ გულშემატკივარი კოსოვოს წინააღმდეგ მატჩს რომ დასწრებოდა" - კობიაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მომავალი მატჩების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით საინტერესო იყო რა ბედი ელოდა გულშემატკივარს, რომელიც ბათუმში გასამართ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავდა. მოგეხსენებათ, 4 სექტემბრამდე საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, რაც კორონავირუსის პანდემიასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა, სადაც აღნიშნული საკითხის შესახებ იმსჯელეს და ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. გადაწყვეტილების მიზეზი ინფიცირებულების მაჩვენებელია - ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 924 ადამიანს დაუდასტურდა.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე.

მოგვიანებით, განმარტება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ.

ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ჩვენთვის გულშემატკივარის სტადიონზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამის სტრუქტურებთან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ისინი კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს დასწრებოდნენ და ბათუმის ახალ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნათ.


სამწუხაროდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.


ბათუმელი გულშემატკივარი დიდხანს ელოდა საკუთარ ქალაქში ეროვნული ნაკრების თამაშს. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ სურვილის შესრულებას ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილ მატჩებზე შეძლებენ.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო 

5 სექტემბერი, 22:45 | ესპანეთი v  საქართველო

8 სექტემბერი, 20:30 | ბულგარეთი v საქართველო (ამხანაგური მატჩი)

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები