ესპანური მედია: ვალენსია მამარდაშვილს დინამო თბილისიდან გამოისყიდის
Aa
Aa

ესპანური მედია: ვალენსია მამარდაშვილს დინამო თბილისიდან გამოისყიდის

ესპანეთის ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონმა სტარტი აიღო. ტურის პირველივე შეხვედრაში, „ვალენსიას" მაისურით, „ხეტაფეს" წინააღმდეგ, მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა (1-0).

„ვალენსია" კაცნაკლული ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე დარჩა, თუმცა ამ ფაქტს მამარდაშვილისთვის პრობლემა არ შეუქმნია - ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, 4 სეივი შემოგვთავაზა, კარი მშრალად შეინახა, „ღამურებს" 3 ქულა გადაურჩინა და საბოლოო ჯამში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

ქართველი მეკარე გამორჩეული მხოლოდ ლა ლიგის პირველ ტურში არ იყო, გიორგიმ ესპანეთის ჩემპიონატის რანგის უმაღლესი ლიგის განახლებამდე, პრე-სეზონზე, საკლუბო ამხანაგური მატჩები ასევე უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ესპანურ მედიას სამსჯელო თემა დაუტოვა.

ბუნებრივია, გამორჩეულ დებიუტს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა, მათ შორის ადგილობრივმა მედიამ, plazadeportiva-მ დაწერა, რომ „ვალენსია" მამარდაშვილს დინამო თბილისიდან გამოისყიდის, რადგან მესამე მეკარედ მისულმა გიორგიმ მთავარ გუნდში ადგილი მალე დაიმკვიდრა და „ღამურების" წარმომადგენლებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 1 მილიონი ევრო სახელდება.

გიორგი მამარდაშვილი და ვალენსია

მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან „დინამო" თბილისში ირიცხებოდა და ბოლო ორი სეზონი განათხოვრებული თბილისის „ლოკომოტივში" იყო, საიდანაც ვალენსიას, 1-წლიანი იჯარით, 2022 წლის ივნისის ჩათვლით შეუერთდა.

მამარდაშვილმა ესპანელების ყურადღება ჯერ კიდევ გასულ წელს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ „ლოკომოტივის" მაისურით, გრანადას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიპყრო. მიუხედავად იმის, რომ ამ მატჩში „ლოკომოტივი" დამარცხდა (2-0), გიორგი მაინც გამორჩეული იყო.

საინტერესოა, რომ 20 წლის შემდეგ, 20 წლის გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, „სოსიედადის" შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას" ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები