Aa Aa
10 აგვისტო 2021  |  10:05

„ნიჭიერია და ეგოისტი არა" - მილუოკის საზაფხულო ლიგის გუნდის თავკაცი მამუს აქებს

„მილუოკი ბაქსის“ ახალწვეულმა, სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის ეგიდით პირველი შეხვედრა ჩაატარა. „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, „მამუ“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, პარკეტზე 28 წუთი და 40 წამი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა.

შეხვედრის შემდეგ, „ბაქსის“ საზაფხულო ლიგის გუნდის თავკაცმა, პეტ სენტ ენდრიუსმა ქართველი კალათბურთელის შესახებ ისაუბრა და სანდრო დადებითად დაახასიათა:

„მამუკელაშვილი ერთი კვირაც არაა, რაც ჩემს გუნდში იმყოფება და ჯერ კიდევ მისი გაცნობის პროცესში ვარ, თუმცა, როგორც ადამიანმა ჩემზე უკვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მამუ შესანიშნავი ბიჭია და რაც მთავარია, ეგოისტი არაა. მამუკელაშვილს პასების გაკეთების უნარი აქვს, მზადაა, თანაგუნდელებს გადაცემები დაურიგოს და ნიჭიერი კალათბურთელია. ბევრი მოთამაშეა მზად იგივე გააკეთოს, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ, სანდროს კი ორივე კარგად გამოუვიდა და ქულებიც დააგროვა. მას ორმაგი დუბლი ჰქონდა და ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა“.

„მილუოკისა“ და „კლიპერსის“ მატჩის შემდეგ, მამუკელაშვილის შესახებ 247Sports-ის ინსაიდერმა, ტაილერ კალვარუსომაც ისაუბრა:

„შთამბეჭდავი დებიუტი სანდრო მამუკელაშვილისგან. 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება კლიპერსთან მოგებულ შეხვედრაში. ვიცი, მხოლოდ ერთი თამაში იყო, მაგრამ აშკარაა, რომ მამუკელაშვილი ამ დონეს ეკუთვნის. ამ საღამოს, მან ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს გამართავს და „ბრუკლინ  ნეთსს“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage