ნოზაძე: ''ბაიერნში ჩემი მომავალი ამ მატჩის შემდეგ გადაწყდება''
Aa
Aa
5 აგვისტო 2021  |  10:06

ნოზაძე: ''ბაიერნში ჩემი მომავალი ამ მატჩის შემდეგ გადაწყდება''

გერმანული გრანდი მიუნხენის ''ბაიერნი'' კომპანია ''ფოლკსვაგენთან'' ერთად მსოფლიო მასშტაბის პროექტს (FC Bayern World Squad) ახორციელებს, რომელიც მთელს მსოფლიოში 19-წლამდე ასაკის გამორჩეული ტალანტების შერჩევას გულისხმობს. რჩეულ 15 მოთამაშეს შორის 17 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ნიკა ნოზაძე მოხვდა, რომელმაც ლეგენდარული კლაუს აუგენტალერისა და ახალგაზრდა სპეციალისტის, კრისტოფერ ლოხის ხელმძღვანელობით 2 შეკრება უკვე გაირა (მიუნხენსა და მექსიკაში), ახლა კი მიუნხენში დაბრუნდა, სადაც FC Bayern World Squad-ის დასკვნითი შეკრება მიმდინარეობს.

კლაუს აუგენტალერი და კრისტოფერ ლოხი

კლაუს აუგენტალერი TZ.de-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მექსიკურ შეკრებაზე შედეგზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების ხასიათი და მათი საქმისადმი დამოკიდებულება იყო.

კლაუს აუგენტალერი: ''ჩვენ გვყავს გუნდი დიდებული სულისკვეთებით. მექსიკაში, პირველი მატჩის შემდეგ, ავტოშემთხვევის გამო, საცობში მოვხვდით და გზაში 5 საათი გავატარეთ, არც ერთ ფეხბურთელს არ უჩივლია, უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს დიდებული იყო''.

აღსანიშნავია, რომ მექსიკურ შეკრებაზე სამწვრთნელო პროცესში მიუნხენის ''ბაიერნის'' ექს-ფორვარდი ჯოვანი ელბერი მონაწილეობდა.

ნიკა ნოზაძემ და მისმა თანაგუნდელებმა მექსიკურ შეკრებაზე სამი ამხანაგური შეხვედრა გამართეს, მექსიკის კლუბების ასაკობრივ გუნდებს დაუპირსპირდნენ. კრისტოფერ ლოხის გაწვრთნილებმა პირველ ამხანაგურ მატჩში ''ამერიკა'' 4:1 დაამარცხეს, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ''სელაიას'' 2:0 სძლიეს, მესამე თამაშში კი ''კერეტაროსთან'' 1:2 დამარცხდნენ.

მიუნხენური და მექსიკური შეკრებების შესახებ ნიკა ნოზაძემ CrystalSport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით ორივე შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მექსიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ 17 წლის ტალანტი კვლავ მიუნხენში გაემგზავრა, სადაც კრისტოფერ ლოხის გუნდი ამხანაგურ მატჩს ''ბაიერნის'' 19-წლამდე გუნდთან გამართავს.

შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება, რომელსაც მეტწილად გერმანელი სკაუტები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში „რეკორდმაისტერმა“ საკუთარი პროექტის ფარგლებში 64 ქვეყნის 654 ახალგაზრდისგან 1200-ზე მეტი მოკლე ვიდეო მიიღო, რომელზეც მათი საფეხბურთო შესაძლებლობები იყო აღწერილი და ნოზაძე სწორედ მათ შორის გამოარჩიეს. გადაწყვეტილება „ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა, კლაუს აუგენტალერმა და ახალგაზრდული კლუბის თავკაცმა, კრისტოფერ ლოხმა მიიღეს.

ნიკა ნოზაძის მომავალი კლუბი ''ბაიერნის'' 19-წლამდე გუნდთან მატჩის შემდეგ გაირკვევა. შესაძლოა, ''ბაიერნის'' ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი გახდეს ან სხვა ევროპულ კლუბში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები