Aa Aa
22 ივლისი 2021  |  09:32

„შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა" - ესპანური გამოცემები მამარდაშვილის დებიუტზე

ესპანური პრესა „ვალენსიას“ რიგებში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა. ახალგაზრდა გოლკიპერმა „ღამურების“ მაისური „ატრომიტოსის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მოირგო, მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა და კარგად იასპარეზა.

„ვალენსიას მიერ ატრომიტოსთან მოგებულმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ გიორგი მამარდაშვილი მაღალი დონის მეკარეა. მას შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ვალენსიას მაისური მოირგო.

მამარდაშვილმა მეორე ნახევარი ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება, როგორც მის მიერ განხორციელებული სეივების, ისე თანაგუნდელებისთვის მითითებების მიცემის მხრივ დატოვა. რა თქმა უნდა, მისი ორი ბრწყინვალე სეივი, რომელთა წყალობითაც ვალენსიამ კარი მშრალად შეინახა მატჩში, რომელშიც მეტოქე გუნდმა ღამურების დაცვაში არსებული პრობლემებით ისარგებლა, ასევე შთამბეჭდავი იყო.

მამარდაშვილს სურს, რომ ვალენსიას ფეხბურთელის რანგში გატარებულ პირველ კვირაში კარგი შთაბეჭდილება დატოვოს და ძლიერი სტარტი ჰქონდა. ყველასთვის აშკარაა, გიორგის ვალენსიაში რა როლი ექნება. იგი მესამე მეკარის ფუნქციებს შეითავსებს და ხან სარეზერვო გუნდში იქნება, ხან - ძირითადში, თუმცა თუ ასე თამაში განაგრძო, ღამურები ცვლილებების გატარებაზე მინიმუმ საუბარს მაინც დაიწყებენ. ამ ოთხშაბათს, ვალენსიას ფანები დარწმუნდნენ, რომ მამარდაშვილი მესტალიაზე მხოლოდ იმიტომ არ გადასულა, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და სხვების ალტერნატივა იყოს. მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სურს და ეს პირველივე დღეს აჩვენა”, - წერს El Desmarque.

„მამარდაშვილმა ვალენსიას გულშემატკივრები უკვე მოხიბლა. ღამურების ახალმა გოლკიპერმა თავისი შანსი ატრომიტოსის წინააღმდეგ მიიღო. მან მაღალი დონის ორი სეივი განახორციელა და ერთ შემთხვევაში მეტოქის დარტყმა სწორად თამაშის ხარჯზე დაბლოკა. ერთადერთი უარყოფითი ქმედება იყო, როცა ბურთს ვერ მიუსწრო და ვალენსიას კართან კუთხური დაინიშნა.

ქართველმა მეკარემ აჩვენა, რომ ფეხით თამაში არც თუ ისე კარგად გამოსდის, თუმცა წინ დიდი დროა და ამ კომპონენტის გაუმჯობესება შეუძლია. ის ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს“, - წერს levante-emv.com.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიასთვის" ეს მეორე ამხანაგური შეხვედრა და მეორე გამარჯვება იყო. ესპანური გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, „კართახენას" წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში